პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ზურაბ აბაშიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.
როგორც კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აბაშიძეს პრემიერ-მინისტრის მრჩევლობა თავად შესთავაზა.
"ბატონმა ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. მოგეხსენებათ, წლების მანძილზე იყო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. 10 წელზე მეტი ემსახურებოდა ამ საქმეს დიდი წარმატებით, ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით მისი ჩართულობით. მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფოს წინაშე მრავალწლიანი სამსახურისთვის და წარმატება ვუსურვო ახალ თანამდებობაზე, ის დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. მადლობა მინდა ვუთხრა, რომ დათანხმდა ჩემს შემოთავაზებას ამასთან დაკავშირებით",- განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა, მას კი გიორგი ქაჯაია შეცვლის. ზურაბ აბაშიძე, რომელიც 2000-2004 წლებში რუსეთში საქართველოს ელჩი იყო, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.