მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ აზარაშვილის თანამდებობის დატოვებას, არანაირი კავშირი არ ჰქონია კორუფციასთან - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა კორუფციასთან, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს ამბიცია, იყოს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით მოწინავე ქვეყანა.

„რაც შეეხება ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, მის მიერ თანამდებობის დატოვებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა კორუფციასთან. რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, კარგი მონაცემები გვაქვს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროკავშირში წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას ვუსწრებთ, ასევე, ევროკავშირის წევრ 10-ამდე ქვეყანას.

ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანა გვისწრებს მეტყველებს, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი კორუფციასთან საბრძოლველად, უნდა შევამციროთ ის. ძალიან ამბიციური მიზანი გვაქვს, რომ ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციასთან ბრძოლის და სიმცირის თვალსაზრისით. ამ 1 თვის განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რათა გვეზრუნა პრევენციაზე, თუმცა მომავალშიც ბევრი რამ გაკეთდება. გპირდებით, 1 წლის განმავლობაში გვექნება თვისობრივი, ხელშესახები შედეგები კორუფციის კიდევ უფრო მეტად შემცირების თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია კორუფციის სრულად აღმოფხვრა, რაც რთული ამოცანაა. ყველა ქვეყანაშია, მათ შორის, სკანდინავიის ქვეყნებშიც კი, რომლებიც გამოირჩევიან ყველაზე დაბალი ხარისხით. ჩვენ პოლიტიკური ნება გვაქვს და ამ პოლიტიკური ნების პირობებში შესაძლებელია ამბიციურ გეგმას მივაღწიოთ, რასაც ჰქვია ევროპის სამეულში ადგილის დაკავება“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ, სამთავრობო კაბინეტის მხოლოდ ორი წევრი, თავდაცვისა და ჯანდაცვის მინისტრი შეცვალა. ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან გაშვების მიზეზად კომუნიკაციაში ხარვეზები დასახელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები