მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ პატარაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ მეორედ ნიშნავენ

ზურაბ პატარიძე

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბ პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

აღსანიშნავია, ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად მეორედ ინიშნება. ის ამ პოზიციაზე 2016-2018 წლებშიც იყო. შემდეგ კი 2018-2026 წლებში აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის პოსტს იკავებდა. ზურაბ პატარიძე მანამდე საქართველოს ელჩის პოზიციას თურქეთში და ყაზახეთშიც იკავებდა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე მიიღო.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ზურაბ პატარაძე კარგად იცნობს აჭარას და დარწმუნებულია, რომ ის, ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, კვლავაც ეფექტიანად გააგრძელებს საქმიანობას რეგიონის საკეთილდღეოდ.

„ზურაბ პატარაძეს აქვს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის წლების განმავლობაში ნაყოფიერად და წარმატებით მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში, სადაც ღირსეულად იცავდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

აღსანიშნავია, რომ 2016-2018 წლებში ბატონი ზურაბი იკავებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას. სწორედ მის სახელს უკავშირებდა რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის განხორციელება.

ბატონი ზურაბი გახლავთ აჭარელი, ის ზედმიწევნით კარგად იცნობს ამ მხარის საჭიროებებსა და მის პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, საკუთარ ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, იგი კვლავაც ეფექტიანად გააგრძელებს საქმიანობას რეგიონის საკეთილდღეოდ. მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ ზურაბს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სულხან თამაზაშვილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

"დასასრულს, მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ სულხან თამაზაშვილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნაყოფიერი საქმიანობისთვის და წარმატებები ვუსურვო მას

ახალ, საპასუხისმგებლო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოზიციაზე", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პატარაძე ბათუმშია დაბადებული. 1994 წელს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტის კვალიფიკაციით, ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით, ხოლო 2007 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება სრულად:

1994-1996წწ. მუშაობდა ქ. ბათუმის საბანკო სტრუქტურებში;

1996-2000წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატში; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში (2000);

2000-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში;

2004-2007წწ. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი;

2007-2009წწ. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონსული;

2009 წლის 4 მარტიდან - 1 მაისამდე, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსული;

2009-2010წწ. საქართველოს გენერალური კონსული ქ. სალონიკში; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი (2011);

2011-2012წწ. საქართველოს გენერალური კონსული თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი);

2012-2013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში;

2013-2016წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში;

2016 წლის 15 ივლისიდან - 2018 წლის 21 ივლისამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

ცნობისთვის, 21 აპრილს მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადეს. კერძოდ, სულხან თამაზაშვილი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში იკავებდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას, შინაგან საქმეთა მინისტრად წარადგინეს. შესაბამისად, ვაკანტური გახდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები