ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ხელმძღვანელი აღარაა. პოლოლიკაშვილის ორი ვადით ხელმძღვანელობის შემდეგ, ორგანიზაციის გენერალური მდივნობა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან შეიხა ალ ნოვაისმა გადაიბარა.
UN Tourism-მა უკვე გამოაქვეყნა შესაბამისი ინფორმაცია სოციალურ ქსელში.
UN Tourism-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაერთიანებული საამიროების კანდიდატი შაიხან ნასერ ალ ნოვაისი გასული წლის 30 მაისს აირჩიეს. შედეგად, სწორედ ის გახდა 2026-2029 წლების ვადით გენერალური მდივანი და ამასთან, ორგანიზაციის ისტორიაში პირველი ქალი ხელმძღვანელი.
გასულ წელს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევნები სკანდალის ფონზე წარიმართა. "ქართულმა ოცნებამ" ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა და გენერალური მდივნის თანამდებობაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს დაუჭირა მხარი. უცხოური მედია წერდა UAE-სა და "ოცნებას" შორის გარიგების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის და საამიროების კანდიდატის მხარდაჭერის სანაცვლოდ, UAE-დან გიორგი ბაჩიაშვილი მიიღო.
თავად პოლოლიკაშვილის ვერსიით, მისი კანდიდატურის გაწვევის მიზეზი თეა მაისურაძის თანამშრომლად აყვანა გახდა. საქმე ის არის, რომ თეა მაისურაძე ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი იყო, რომელმაც თანამდებობა 2024 წლის დეკემბერში იმ მიზეზით დატოვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.


























