გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ქართველი ხელმძღვანელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი თავის ვერსიას ყვება, რატომ მოხსნა „ოცნებამ“ მისი კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე.
პოლოლიკაშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ ამის მიზეზი თეა მაისურაძის თანამშრომლად აყვანა გახდა. საქმე ის არის, რომ თეა მაისურაძე ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი იყო, რომელმაც თანამდებობა გასული წლის დეკემბერში იმ მიზეზით დატოვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც პოლოლიკაშვილი ყვება, მაისურაძის მიერ ელჩის თანამდებობის დატოვების შემდეგ, გადაწყვიტა, იგი კამპანიაში დახმარების მიზნით, რამდენიმე თვით თანამშრომლად აეყვანა. პოლოლიკაშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი "ოცნებას" არ მოეწონა და მათი მხრიდან კატეგორიული მითითება იყო, რომ თეა მაისურაძე სასწრაფოდ მოეხსნა თანამდებობიდან.
"ჩემი არჩევნებიდან გამომდინარე გადავწყვიტე, თეა მაისურაძე ხელშეკრულებით ამეყვანა, რომ კამპანიის პროცესში დამხმარებოდა. მდინარაძე რომ ამბობს სამი თხოვნაო, თხოვნა არ იყო კატეგორიული მითითება იყო რომ მე თეა სასწრაფოდ მომეხსნა თანამდებობიდან და წყნარად ავუხსენი რომ არ გამოვიდა ასე ამ ადამიანის მოხსნა. ამაზე ისეთი ისტერიკა ატყდა, როგორც დღეს დილით ატყდა და თეამ რომ დაინახა ასეთი პანიკა, თავისი ინიციატივით ჩემთან აღარ მუშაობდა.
როცა გავიგე, რომ ჩემი კანდიდატურა გამოჰქონდათ, ვითხოვდი - ნუ გამოიტანთ ჩემ კანდიდატურას და მიეცით ხმა ვისაც გინდათ, არ მჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ეს ყველას ვთხოვე. პირველ რიგში ლაპარაკს ვითხოვდი.
მინდა გავიგო, რატომ გამოიწვიეს ჩემი კანდიდატურა, რის ფასად და ასე ჩუმად. მე მაქვს ვალდებულებები მინისტრებთან, ქვეყნებთან. ეს არის ქართული რეპუტაციის დასასრული. მსოფლიო ტურიზმის რუკაზე დაჯდა საქართველო ჩემ გამო. მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ნუ მაბრალებენ, რომ ანტისახელმწიფოებრივი თხოვნები ჰქონდათ, რა მთხოვეს და არ გავაკეთე! - ეს ტყუილია, ძალიან სერიოზული ბრალდება. ვითხოვ და ამიხსნან რა არის ანტისახელმწიფოებრივი ჩემი ქმედება, რომელიც ჩავიდინე“ , - აცხადებს ზურაბ პოლოლიკაშვილი.




























