საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.
"მადლობას გიხდით თქვენი სამაგალითო სამსახურისთვის, თავდადებისა და სიმტკიცისთვის. საქართველო აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და ევროპული მისწრაფებების გზაზე", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.
ბორელი თანამდებობას დეკემბრიდან დატოვებს და მას ესტონეთის ყოფილი პრემიერი კაია კალასი ჩაანაცვლებს. სალომე ზურაბიშვილი კალასს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და საქართველოს ძვირფასს მეგობარს უწოდებს. "გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე შთამაგონებელია კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, საქართველოს ძვირფასი მეგობრისა და ჩვენი გზის მხარდამჭერის", - წერს ზურაბიშვილი.
18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ბორელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქვეყანა ჩამოაშორეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და კიდევ ერთხელ ითხოვს 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების გამოძიებას.