მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ღირსად აღარ მივიჩნევთ… წესით თანამდებობიდან უნდა წავიდეს” - კობახიძე

იმპიჩმენტი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს, იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის პოლიტიკური მოტივები ახსნა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის “სისტემური ხასიათის” მიღების შემდეგ მიიღეს.

“რა თქმა უნდა, იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ალბათ გახსოვთ, 2022 წელსაც გავაკეთეთ პოლიტიკური განცხადება, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, მან 2022 წლის, თუ არ ვცდები აპრილში, მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, რომ მიეღო თანხმობა ვიზიტებზე, მას ეთქვა უარი და პრეზიდენტმა მაინც განახორციელა შესაბამისი ვიზიტები.

მაშინ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიგვიღია, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც ეტაპზე ეს პრაქტიკა მან შეცვალა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ არღვევდა კონსტიტუციას. გადიოდა შესაბამის კონსულტაციებს და მოგვიანებით თანხმობაც მიეცა გარკვეულ ვიზიტებზე. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ. როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჩვენ აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად”, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პარტიის თავმჯდომარე იმასაც აღნიშნავს, რომ იმპიჩმენტის საბოლოო მიზანი სალომე ზურაბიშვილის მიერ დაკავებული თანამდებობიდან წასვლაა.

“100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს. გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. შეიძლება ჩვენ არ გვქონდეს იმედი, რომ 100 ხმა მოგროვდება პოლიტიკური მიზეზების გამო,  მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ პრეზიდენტი, წესით, უნდა წავიდეს თანამდებობიდან. ჩვენი მიზანი ეს იქნება და იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დადებით დასკვნას წარმოადგენს პარლამენტის წინაშე კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე, ყველა შესაბამისი დეპუტატი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადაყენებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განზრახვა, რაზეც ღიად გვქონდა საუბარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე იმსჯელებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები