მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პურის 15%-მდე გაძვირებას ვგეგმავთ - „ლიტვური საცხობი“

6163e99e373a5
ინგა მურუსიძე
11.10.21 12:19
1659
„ლიტვური საცხობის“ პური 10-15%-ით გაძვირდება, - ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ხუციშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პურზე ფასის კორექტირებას კომპანია უკვე მომავალი თვიდან მოახდენს.

როგორც თინა ხუციშვილი განმარტავს, პურის ფასის მატება არა მხოლოდ ფქვილის გაძვირებას, არამედ კომუნალური გადასახადების გაზრდილ ხარჯს და პურის შესაფუთი მასალების გაძვირებას უკავშირდება.

„პურის გაძირებას ვგეგმავთ, საშუალოდ 10-15%-ის ფარგლებში, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. ბოლო 3-4 თვის წინ, თუკი ერთი პურის შესაფუთი პაკეტი ღირდა 5-6-7 თეთრი, ახლა ეს ფასი მერყეობს 12-13 თეთრის ფარგლებში. შეფუთვა იგივე გვაქვს, უბრალოდ მასალა გაძვირდა. ფქვილთან ერთად გაძვირდა მასალა, სხვა ინგრედიენტები, კომუნალურები. ძალიან არ გვინდა, თუმცა ფასებს ჩვენც გადავხედავთ“, - განაცხადა თინა ხუციშვილმა.

„ლიტვური საცხობის“ გენერალური დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ფასის მატებასთან ერთად იკლებს გაყიდვების მაჩვენებელიც, რასაც კომპანია მომხმარებელთა დაბალ მსყიდველთუნარიანობას უკავშირებს.

„არავის აქვს სურვილი, რომ პროდუქტი გააძვიროს, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი გაყიდვები იკლებს, თუმცა სხვა გზა არ არის“, - აღნიშნა ხუციშვილმა.

ის, რომ პურ-პროდუქტებზე ფასები იზრდება, ამას ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკაც. საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 12.3%-ით განისაზღვრა. ფასების ზრდა სამომხმარებლო საქონლის ყველა ჯგუფს შეეხო, მათ შორისაა სურსათი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, კომუნალური ტარიფები და სხვა.

სხვა პროდუქტებთან ერთად პურსა და პურპროდუქტებზე ფასების მაჩვენებელი 13.2%-ით გაძვირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები