მიმდინარე წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში საწვავზე ფასების ზრდაა, ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვაშია" აღნიშნული.
მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზია მოცემული.
ინფლაციასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარების და ლოგისტიკური პრობლემების ფონზე ოქტომბერში საწვავის ფასებმა ზრდა განაგრძო, რამაც თვის ინფლაცია 0.33 პროცენტული პუნქტით გაზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ასევე საწვავის ფასებს აქვს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბენზინისა და დიზელის ფასები, შესაბამისად, 37%-ით და 61%-ით გაიზარდა, რამაც მთლიან ინფლაციაზე ჯამურად 1.8 პპ-ის გავლენა მოახდინა. სურსათის გავლენა ინფლაციაზე წლის დასაწყისთან შედარებით მცირდება. ოქტომბერში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციამ 3.1%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 1.1 პპ შეადგინა. აქედან გამოსარჩევი ძროხის ხორცის (0.4 პპ) და პურის (0.3 პპ) გაძვირებაა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ელექტროენერგიის გადასახდელის (0.5 პპ) და ჯანდაცვის (0.7 პპ) წვლილები. წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის (0.7 პპ) შემცირებამ მოახდინა - სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული ახალი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის სრულად გაუქმების შედეგად, უმაღლესი სასწავლებლის გადასახდელი ჯამში 33%-ით შემცირდა. ამავდროულად, ხანგრძლივი მოხმარების საქონლის კატეგორიაში, საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაიაფების ხარჯზე, დეფლაციური ტენდენცია (0.1 პპ) ნარჩუნდება.
ძირითადი ტენდენციები ასეთია:
ინფლაცია
- ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.9%-ით მოიმატა
- საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, ოქტომბერში 3.9% შეადგინა
- მომსახურების ინფლაცია 4%-ს გაუტოლდა
საბანკო სექტორი
- სექტემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების წლიური ზრდის ტემპი 2.1 პპ-ით დაჩქარდა და 16.9% შეადგინა
- დეპოზიტების დოლარიზაცია სექტემბერში 43%-ზე შენარჩუნდა
- სექტემბერში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 41.5% შეადგინა
საგარეო სექტორი
- იმპორტი - წლიურად 15.3%-ით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. სექტემბრის იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების საქონელმა განაპირობა, რომლის კონტრიბუციამ მთლიანი იმპორტის ზრდაში 10.5 პპ შეადგინა
- ექსპორტი - 4%-ით გაიზარდა და 731.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სექტემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა შუალედური მოხმარების საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა (4.5 პპ კონტრიბუციით)
- სექტემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 26.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა - რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს, 8.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია
























