მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება სამკერვალოს 1 პირბადის წარმოება - MGMTex-ის განმარტება

5e908711b47c3
ვიქტორია მღებრიშვილი
10.04.20 18:55
4981
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერთი პირბადის ღირებულება 1.08 ლარია. პირბადეები სააფთიაქო ქსელებში რეალიზაციისთვის გუშინ შევიდა და მათი ღირებულება 50 თეთრია. ეკონომიკის მინისტრის თქმით, სახელმწიფო პირბადის ღირებულების ნაწილს დაასუბსიდირებს.

BM.GE დაინტერესდა, რა უჯდება საშუალოდ სამკერვალოს ერთი პირბადის ღირებულება და როგორია სახელმწიფოსთან შეთანხმების დეტალები. ამისთვის პირბადეების მწარმოებელი ერთ-ერთი საწაროს MGMTex-ის დირექტორს დაუკავშირდა.

ელიზბარ ლომინაძის თქმით, სახელმწფიოსთან შეთანხმების საფუძველზე კომპანიამ თავისი საქმიანობა შეაჩერა და მთლიან რესურსს დღეისთვის საჭირო პროდუქტის - პირბადეების წარმოებას ახმარს.

"სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი შეთანხმება დღეს - ვინც იყო სამკერვალო, ყველამ შეაჩერა თავისი წარმოება და გადაერთო პირბადეების წარმოებაზე.

სახელმწიფო გვაწვდის მასალას, რომელიც საჭიროა ამ პირბადისთვის - ეს იქნება დოლბანდი, რეზინა თუ ძაფი, შესაფუთი ყუთი, სტიკერები და ა.შ. ჩვენი დავალება მხოლოდ და მხოლოდ ამის შეკერვაა. გამომდინარე იქინდან, რომ საქართველოში არსებული სამკერვალოები ყველა იყო აწყობილი ტანსაცმლის წარმოებაზე, ამაზე გადართვა იყო საკმაოდ რთული.

პირბადის წარმოებისთვის არსებობს სპეციალური დანადგარები, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება ადამიანის ჩართულობა, თუმცა ჩვენ გვიწევს ამით ხელით კერვა, რაც ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე იმ ჩვეულებრივი დანადგარის შემთხვევაში. მაგალითისთვის, დანადგარი 1 საათში 10 000 ცალ პირბადეს აწარმოებს და ჩვენ 250 კაცით, 8 საათის განმავლობაში 25 000 ცალამდე ავდივართ, რაც ხარჯის თვალსაზრისით, ბევრად ხარჯიანი და არაეფექტურია ამ შემთხვევაში და მაგიტომ ჯდება ბევრად ძვირი", - განაცხადა ელიზბარ ლომინაძემ.

MGMTex-ის დირექტორი ამბობს, რომ პირბადის ღირებულებას ზრდის ის ფაქტი, რომ ისინი ხელით არის შეკერილი, თუმცა მისივე აღნიშვნით, ამით ისინი ინარჩუნებენ თავის თანამშრომლებს, ვინაიდან სახელმწიფოს მათ 1 პირბადეში 50 თეთრს უხდის, რაც მათ ხარჯებს ანაზღაურებს.

"სახელმწიფო ერთ პირბადეზე გვაძლეს 50 თეთრს, რაშიც შედის ჩვენი ხარჯები - 250 თანამშრომლის ხელფასი, საწარმოო ხარჯები - ელექტოენერგია, ტრანსპორტირება და ა.შ. კიდევ ამას თუ დავამატებთ დოლბანდს, იმიტომ რომ 12-დან 16 ფენამდეა გამოყენებული თითოეულ პირბადეში. ეს უფრო კუსტარული მეთოდია, იმიტომ რომ ამ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ იყო. ჩინეთიდან მაგალითად პირბადის მასალა რომ შემოიტანო, მხოლოდ ერთი ფენის - ფილტრის შემოტანა ძალიან ძვირი ჯდება და ერთი პირბადის ღირებულება დაახლოებით 23-დან 27 ცენტამდე მერყეობს ჩინეთში ადგილზე, ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯები და ეს პირბადეები ერთჯერადია. ჩვენი შეგიძლიათ მრავალჯერადად გამოიყენოთ, გარეცხოთ და 2-3ჯერ იხმაროთ.

კონკრეტულად სად მიდის ერთი პირბადის ღირებულება, არ ვიცი, იმიტომ რომ ეკონომიკის სამინისტო დოლბანდსაც კერძო კომპანიებიდან ყიდულობს, ჩვენ გვირიცხავს ამ ფულს, რომ ჩვენი ხარჯი დავფაროთ და არ მოგვიწიოს ჩვენი თანამშრომელბის სახლში გაშვება.

სახელმწიფო 1 პირბადეში გვიხდის 50 თეთრს და ამას ემატება ის ხარჯები, რაც საჭიროა დამატებით პირბადის საწარმოებლად, 1 ლარზე მეტი ჯდება თითოეული პირბადე. ეს არ არის ჩვეულებრივი წარმოება, პირბადეები იკერება ხელით და ამიტომ ჯდება ბევრად ძვირი. საჭირო მასალებს ეკონომიკის სამინისტრო თავად ყიდულობს და ამაში ჩვენ არ ვართ ჩართულები", - ამბობს კომპანიის დირექტორი.

მისივე თქმით, პირბადეების უსაფრთხოება ლუგარის ლაბორატორიის მიერ არის დადასტურებული და ისინი საზოგადოებაში მოთხოვნად პროდუქტს წარმოადგენს, ამიტომ რამდენის შეკერვა მოუხდებათ, კიდევ ზუსტად არ იციან.

"ეკონომიკის სამინისტროსთან გვაქვს ასეთი შეთანხმება, რომ საწარმოების უმრავლესობამ პირბადებიის უმრავლესობა უსასყიდლოდ გადასცა, ჩვენც 100 000 ცალამდე უსასყიდლოდ გადავეცით, ხოლო ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო გვიხდის თვითღირებულებას, რომელიც ჯდება 50 თეთრზე მეტი დღგ-ის გარეშე, მხოლოდ შეკერვის ფასი. ამას ემატება ყველა ის დამატებითი ხარჯი - დოლბანდი, რეზინა და ა.შ.

მოთხოვნა არის საკმაოდ დიდი. აქამდე მარაგდებოდა პოლიცია, ჯარი, ექიმები, ახლა უკვე შევიდა აფთიაქებში და ჩვენი დღიური წარმადობა ნელ-ნელა ეწევა ამ მოთხოვნას. კონკრეტული რაოდენობა არ გვაქვს, რაც შეიძლება მეტი უნდა ვაწარმოოთ და ყველას შეისყიდის ეკონომიკის სამინისტრო.

ბევრნაირი მასალა გამოვიყენეთ, თუმცა ყველაზე მისაღბი იყო ეს დოლბანდის 12 შრე, რომლის უსაფრთხოება ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა", - განმარტა ელიზბარ ლომინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები