მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის PPP პროექტი დაამუშავა საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტომ?

60a7c81499729
თელარა გელანტია
22.05.21 10:00
1367
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტომ, რომელიც 2019 წლის თებერვლიდან ამუშავდა, $524 მილიონის PPP პროექტი დაამუშავა.

ამის შესახებ სსიპ-ის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშებიდან ირკვევა, რომლის თანახმად, 2019 წელს სააგენტომ - $338 მილიონის, 2020 წელს კი - $186 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტების იდენტიფიცირება განახორციელა. აღსანიშნავია, რომ პროექტები სრულად ენერგეტიკის სექტორს მოიცავს, დომინანტი კი ჰიდროენერგეტიკაა.

ცნობისთვის: ამ სააგენტოს ფუნქციაა, შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება და უფლებამოსილი ორგანოსთვის შეთავაზება - ასეთი უფლებამოსილი ორგანო კი შეიძლება იყოს სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო, ასევე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო.

როგორც bm.ge-ის PPP სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნატალია მოწონელიძემ განუცხადა, $524 მილიონის საინვესტიციო ღირებულების PPP პროექტიდან, ჯერჯერობით, არცერთის განხორციელება არ დაწყებულა.

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ ჩართული ვართ პირველ და მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს პროექტის იდენტიფიცრება-ინიცირების სტადიას. საქმე ისაა, რომ როცა უფლებამოსილი სამინისტროდან სააგენტოში შემოდის კონკრეტული პროექტი, ჩვენს კომპეტენციაში შედის პროექტის შეფასება და რეკომენდაციის მომზადება თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ პროექტის PPP გზით განხორციელება; ასევე ჩვენს კომპეტენციაშია იმ ნაკლოვანებების შესახებ დასკვნის მომზადება, რომელიც პროექტის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან გამომდინარე, სააგენტოს შეუძლია და რაზეც მიზანშეწონილია, რომ უფლებამოსილმა სამინისტრომ ყურადღება გაამახვილოს. საბოლოოდ კი, პროექტს მთავრობა ამტკიცებს. ჯერჯერობით, რაც სააგენტო არსებობს ანუ 2019 წლიდან კონკრეტული საინვესტიციო პროექტი, რომელიც უკვე დაიწყო და ჩაეშვა, არ გვაქვს, თუმცა პროცედურა ხანგრძლივია და ეტაპობრივად მივა დასკვნით ფაზამდე. პროექტების ძირითადი ნაწილი ჰიდროენერგეტიკას ეხება და მოგეხსენებათ, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებზე გამოცხადებულია მორატორიუმი“, - განაცხადა ნატალია მოწონელიძემ.

ცნობისთვის: საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე. სწორედ მთავრობის მეთაური ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარეს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ სააგენტოს თავმჯდომარე ალექსანდრე რევია პოსტიდან მოხსნა, სსიპ-ს ხელმძღვანელი არ არ ჰყავს და თავმჯდომარის მოვალეობას ნატალია მოწონელიძე ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები