"მთავარი სიახლეა სრულყოფილი ოთხზოლიანი ავტობანის მშენებლობის დაწყება, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის (გურჯაანის შემოვლითი გზის) გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კახეთში მთლიანად ინფრასტრუქტურასა და ახალი გზების მშენებლობაზე 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება. „გარდა ამისა, დაემატება შიდა გზების მოვლა, რაც ამ ბიუჯეტში არ შედის. რეალურად, მთელი კახეთის ლანდშაფტი, გზების სურათი აბსოლუტურად შეიცვლება. კახეთი არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მხარე. თუ ყოველი - არა, ყოველი მეორე ტურისტი დადის კახეთში, ამიტომ ჩვენი მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს დონორს ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის და მთლიანობაში, ჩვენი ათწლიანი გეგმის ფარგლებში გაწერილი პროექტებით, ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხარჯება თითქმის 32 მილიარდი ლარი გზების ინფრასტრუქტურაში, ახალი ავტობანების მშენებლობაში, რაც მთლიანად შეცვლის ჩვენი ქვეყნის საერთო სურათს, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის გამარტივდება გადაადგილება და ეს რეალურად სხვა ქვეყანა იქნება, ევროპული სტანდარტი შემოვა ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ძალიან აქტიური მუშაობისთვის ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.