მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022-ში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 4.1%-მდე შემცირდა - რას ნიშნავს ეს?

6426da268e93b
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.23 17:03
881
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის შეფასებით, 2022 წლის განმავლობაში საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი ისტორიულად დაბალი იყო და მშპ-ის მხოლოდ 4.1პროცენტს შეადგენდა. 

საგადასახადელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული სავალუტო ნაკადების მოცულობას ასახავს. საქართველოსთვის შემომავალ სავალუტო ნაკადებს ძირითადად ექსპორტი; ფულადი გზავნილები და ტურიზმი (მომსახურების ექსპორტი) აგენერირებენ, ხოლო გამავალი ნაკადების მთავარი წყარო იმპორტია.

"2022 წლის მეოთხე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 540.0 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მეოთხე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 8.9 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -10.9 პროცენტიდან -7.2 პროცენტამდე შემცირდა. მთლიანად 2022 წლისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობამ 4.1 პროცენტი შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, მეოთხე კარტალში, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 65.4 პროცენტით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარი (5.0 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 23.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 40.1 პროცენტით გაიზარდა.

მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი, რომლის აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტალიდან დაიწყო, 2022 წლის მეოთხე კვარტალში 999.5 მლნ აშშ დოლარს (2.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 45.7 პროცენტით აღემატება.

2022 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -356.5 მლნ აშშ დოლარი (-974.5 მლნ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 85.3 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 25.4 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 33.3 პროცენტით გაიზარდა და 2022 წლის მეოთხე კვარტალში 948.2 მლნ აშშ დოლარს (2.6 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 41.6 პროცენტით გაიზარდა 873.2 მლნ აშშ დოლარამდე (2.4 მლრდ ლარი). ამავდროულად, სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები 66.4 პროცენტით შემცირდა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეოთხე კვარტალში 218.6 მლნ აშშ დოლარი (597.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 2.9 პროცენტია."

პანდემიამდე, ანუ 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 5.9%-ის ტოლი იყო, 2020 წელს პანდემიური კრიზისის გამო, დეფიციტი მშპ-ის 12.5%-მდე გაიზარდა, რაც ამ წელს ლარის მკვეთრი გაუფასურების ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენდა. 2021 წელს დეფიციტის დონე 10.4%-მდე შემცირდა, ხოლო 2022 ში კი მისმა დონემ მთავრობის მოლოდინით 3-3.5%-მდე იკლო. სწორედ ეს ფაქტორი გახდა 2022 წლის მეორე ნახევარში ლარის გაცვლითი კურსის გამყარების ერთ-ერთი წამყვანი მაკროეკონომიკური მიზეზი.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მიმდინარე ანგარიშის დადებითი სალდო არცერთი წლის განმავლობაში არ ჰქონია. პროფიციტი პირველად 2019 წლის მესამე კვარტალში, ტურისტული სეზონის პიკის დროს დაფიქსირდა და ის მხოლოდ 5 მილიონ დოლარს შეადგენდა (მშპ-ის 0%), ხოლო შემდგომში პროფიციტული ბალანსი 2022 წლის მესამე კვარტალში აღირიცხა, რაც 400 მილიონ დოლარს (მშპ-ის 5.9%-ს შეადენდა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები