საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზები არის განხილული. მისი მიხედვით, სებ-ი ზრდის საკუთარი ზრდის პროგნოზს და 2021 წელს ქვეყანაში 10%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
თუმცა ამავდროულად 2022 წლისთვის ეროვნული ბანკი უფრო დაბალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ვიდრე - საქართველოს მთავრობა. კერძოდ, მთავრობის საბაზო სცენარით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით უნდა გაიზარდოს, სებ-ის მოსაზრებით კი, მომდევნო წელს ზრდა 5% იქნება.
“2022 წელს მშპ-ის პროგნოზირებული რეალური ზრდა 5%-ის ფარგლებშია, რაც ითვალისწინებს მაღალი საკრედიტო აქტივობისა და, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმის მხოლოდ ნაწილობრივი აღდგენის დაშვებას.
რეალური ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 10%-ის ფარგლებში იქნება. აღნიშნული უფრო მაღალია, ვიდრე ზრდის წინა 8.5%-იანი პროგნოზი, რაც, დიდწილად, გადავადებული მოთხოვნის მოსალოდნელზე უფრო ძლიერ გავლენას ასახავს. ზრდის მამოძრავებელ ძალად საბოლოო მოხმარება გვევლინება, წმინდა ექსპორტთან ერთად. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, საქონლის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდითაა განპირობებული, რასაც ტურიზმის სექტორის ნაწილობრივი აღდგენაც ერთვის თან", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
2021 წლისთვის საქართველოს მთავრობა 9.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, შედეგად საქართველოს მშპ-ის ზომამ მიმდინარე ფასებში 58.4 მილიარდ ლარს ანუ 18.14 მილიარდ დოლარს უნდა მიაღწიოს.