მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის - ბიუჯეტის პარამეტრები

63380e657f8ad
ვიქტორია მღებრიშვილი
01.10.22 13:59
815
30 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელა და მისი პირველი ვარიანტი, განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ 2023 წლის ბიუჯეტი საკმაოდ კონსერვატიულად დაიგეგმა.

ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში კი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ 2023 წლისთვის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ შედარებით კონსერვატიულად არის დაგეგმილი და ფისკალური კონსოლიდაცია გრძელდება, კერძოდ:

• რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში დაგეგმილია. აღნიშნული მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება;
• მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი ასევე 5%-ს შეადგენს, ხოლო შემდგომ წლებში 3%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული;
• ნომინალური მშპ-ის პროგნოზი 79,6 მლრდ ლარის ოდენობითაა განსაზღვრული, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 7 500 დოლარს უტოლდება. 2026 წლისთვის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 101,0 მლრდ ლარამდეა პროგნოზირებული, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 9 500 დოლარს გადააჭარბებს;
• ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 18,5 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრება, რაც მშპ-ს 23,2%-ია;
• ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2,8%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 39%-ის ფარგლებშია.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 24.3 მლრდ ლარს შეადგენს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს საშუალებას იძლევა ბიუჯეტმა სრულყოფილად უპასუხოს ქვეყნის ძირითად გამოწვევებს. შესაბამისად, სამინისტროების მიხედვით, ბიუჯეტი თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამსახურს, ასევე ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს გაეზარდათ.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ფისკალური კონსოლიდაციისა და ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე დაფინანსების სოლიდური ზრდის მიუხედავად, 2023 წელს მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 6 მილიარდ ლარზე მეტი მიემართება, რაც საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას (1.7 მლრდ ლარზე მეტი), მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას (1,2 მილიარდ ლარზე მეტი); მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას (2,1 მილიარდ ლარზე მეტი); წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებას (520,0 მლნ ლარამდე); საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას (450,0 მლნ ლარამდე); რეგიონების გაზიფიცირებას (80,0 მლნ ლარი); სოფლის მეურნეობის განვითარებას (590,0 მლნ ლარზე მეტი) და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას (260,0 მლნ ლარზე მეტი) მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები