29 დეკემბრიდან რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადი 94 დოლარიდან 94.9 დოლარამდე გაიზრდება. ინფორმაციას რუსული გამოცემები რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათი ცნობით, ქერზე საბაჟო გადასახადი 84.8 დოლარიდან 83.5 დოლარამდე შემცირდება, ხოლო სიმინდზე 55 დოლარიდან 69 დოლარამდე. აღნიშნული გადასახადი ახალი წლის დღესასწაულების გამო 11 იანვრამდე იმოქმედებს. ხოლო საექსპორტო გადასახადი, რომელიც 30 დეკემბერს გამოქვეყნდება, 12-დან 18 იანვრის განმავლობაში იქნება ძალაში.
საექსპორტო გადასახადი მარცვლეულის საინდიკაციო ფასებით არის განპირობებული, რომელიც 1 ტონა ხორბალზე 335.6 დოლარს (1 კვირით ადრე 334.3 დოლარს), ქერზე - 304.4 დოლარს (1 კვირით ადრე 306.2 დოლარი), სიმინდზე კი 283.6 დოლარს (1 კვირით ადრე 263.6 დოლარი) შეადგენს.
ცნობისთვის, მარცვლეული კულტურების ექსპორტზე რუსეთმა მცურავი ბაჟი მიმდინარე წლის 2 ივნისიდან აამოქმედა, რაც ყოველკვირეულად მოსკოვის ბირჟაზე მარცვლეულზე დაწესებული ღირებულების საფუძველზე განისაზღვრება.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, 2021-2022 წლის სოფლის მეურნეობის წლისთვის მარცვლეულის ექსპორტი 45-48 ტონას შეადგენს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 49 ტონა იყო, საიდანაც 38.4 ტონა ხორბალი იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის რუსეთი ხორბლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანაა. მიმდინარე წლის 10 თვეში იმპორტირებული 318 657 ტონა ხორბლიდან 291 605 ტონა რუსეთიდან შემოტანილ ხორბალზე მოდის, რომლის ღირებულება 73.1 მლნ დოლარია.