თბილისში მოქმედი დიდი სავაჭრო ცენტრები - „თბილისი მოლი“, „ისთ ფოინთი“, „თბილისი ცენტრალი“, „ქარვასლა“, „სითი მოლი“ და „გლდანი მოლი“ მთავრობას მიმართავენ. როგორც მათმა წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკოფერენციაზე განაცხადეს, მათ ხელისუფლებასთან 5 მოთხოვნა აქვთ, რაც სექტორს „ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს“.
მოლების ინფორმაციითვე, შეთავაზება მთავრობას ოფიციალურად უკვე მიეწოდა.
"1. გაიხსნას და მიეცეთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშულაბა 15 დეკემბირდან - 3 იანვრის ჩათვლით. დროის ამ მონაკვეთზე მომხმარებელთა გადანაწილება რეალურად შეამცირებს მასიური თავყრილობების რისკს და ინფექციის გავრცელების ალბათობას.
2. 2020 წლის ივლისში გადავადებული ქონების გადასახადის გაუქმება, რომლის გადახდის ვადაც იწურება 30 ნოემბერს. ეს საშუალებას მოგვცემს გამოთავისუფლებული თანხები მივმართოთ საოპერაციო სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ასევე მინიმუმ შემდგომი 4 თვის განმავლობაში შევინარჩუნოთ დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი.
3. 750 ლარამდე ხელფასზე დაწესებული საშემოსავლო გადასახადის გადახდაზე არსებული შეღავათის გაგრძელება 2021 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე.
4. ბანკებთან საკრედიტო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებებში ეროვნული ბანკის ჩართვა და დახმარება, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება სესხების 12 თვიანი საშეღავათო პერიოდით რეფინანსირებაზე და ამავე დროს მინიმუმ 6 თვის საპროცენტო ხარჯის სუბსიდირება. ამ პერიოდში საბანკო სექტორი მიიღებს საპროცენტო შემოსავალს, რაც მათთვისაც კრიტიკულია.
სავაჭრო ცენტრები მზადყოფნას გამოვთქვამთ, დავიკეტოთ იანვარში, თუმცა დეკემბერში მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - აცხადებენ მოლების წარმომადგენლები.
ამასთან, სავაჭრო ცენტრები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე განცხადება მხოლოდ მათ გაავრცელეს, თუმცა აქტიური მოლაპარაკება აქვთ საცალო გაყიდვების კომპანიებთან, ბაზრობებთან და, სავარაუდოდ, ერთობლივი განცხადებაც გავრცელება.
„მთავრობას არაფერი შემოუთავაზებია. ჩვენ ყველაფერი ავუხსენით და მათგან პასუხად მივიღეთ მხოლოდ 1-კვირიანი მუშაობის გრაფიკი, რაც შემოგვთავაზეს. სავაჭრო ინდუსტრიისთვის თითოეული დღე, როცა დაკეტილი იქნება, ნიშნავს 25 მილიონიან ზარალს, უშუალოდ მოლებისთვის კი - 10 მილიონის ზარალს. ამდენად, დაკეტვა დარტყმა იქნება ბიზნესისთვის, რომელიც ისედაც სულს ღაფავს. ინდუსტრია, დეკემბერში დახურვის შემთხვევაში, მილიარდამდე ლარს დაკარგავს“, - აცხადებენ მოლების წარმომადგენლები.
ცნობისთვის: თავდაპირველად ნიუსში ეწერა, რომ მოლების მოთხოვნას "გალერეა თბილისიც" უერთდებოდა. bm.ge მოლების წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ანონსს ეყრდნობოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინფორმაცია უშუალოდ "გალერეა თბილისში" გადავამოწმეთ, კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ისინი სავაჭრო ცენტრების მოთხოვნას არ უერთდებიან.