მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამ წელმა მოგვცა შესაძლებლობა, სწრაფად დავძლიოთ პრობლემები, რაც 2020 წელს გაჩნდა - კოვზანაძე

61cec5ebef483
ინგა მურუსიძე
31.12.21 14:10
790
„2021 იყო წელი, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, სწრაფად დავძლიოთ ის პრობლემები, რომლებიც 2020 წელს გაჩნდა“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ BMG-ს გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში 2021 წლის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, 2021 წელს „საქართველო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავა“. აღსანიშნია, რომ საქსტატის თანახმად, 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა.

„ვფიქრობთ, 2021 არის სწრაფი ეკონომიკური აღდგენის წელი; ეს არის წელი, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, სწრაფად გამოვიდეთ იმ პრობლემებიდან, რომელშიც 2020 წელს შევედით. მოგეხსენებათ, პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა ეკონომიკას; მთლიანობაში, 7%-ით დაბლა ვართ იმ მაჩვენებელზე, რაზეც ვიქნებოდით, რომ არა 2020-2022 წლებში არსებული პანდემია. ასევე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია ჩვენთვის, კუმულატიურად გაგვეზარდა 10.3%-ით. ამ რიცხვზე როცა ვსაუბრობთ, მინდა განვმარტო, ეს არის ის თანხა, რასაც ჩვენი ქვეყანა მის ფარგლებს გარეთ უშვებს. ეს არის თანხა, რომელიც გადის ქვეყნის გარეთ და სხვა ქვეყნის ეკონომიკაში იდება. წარმოიდგინეთ, რა რაოდენობის თანხა გადის გარეთ“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

წლის შემაჯამებელ გადაცემაში მან ასევე მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და საბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლებზეც ისაუბრა. „ფისკალური დეფიციტი გაგვეზარდა მნიშვნელოვნად. ჩვენ მოგვიწია მაღალი დეფიციტით მუშაობა 2020 წელს და 2020 წელი დავასრულეთ 9.3%-ით. 2021 წელი დავიწყეთ 7.6%-იანი დეფიციტით და მე ეს არ მომწონდა, თუმცა დავამთავრებთ ალბათ 7.6%-იანი დეფიციტით და მაღალი ინფლაციით“, - ამბობს კოვზანაძე.

რაც შეეხება მოლოდინებს 2022 წლისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მომავალ წელს მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდება.

„ვფიქრობ, მომავალი წელი იქნება უკეთესი იმ თვალსაზრისით, რომ ბიუჯეტში ჩადებული გვაქვს 4.4%-იანი დეფიციტი. შევინარჩუნებთ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, მონეტარულ სტაბილურობას, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს და საქართველოს ტიპის ქვეყანას არ გააჩნია ისეთი მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც ეკონომიკურად სწრაფი ცვლილების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ მუდმივად უნდა გვქონდეს შენარჩუნებული მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ დაბალი დეფიციტი გვქონდეს. ბიუჯეტი ამ კუთხით სიმშვიდის საფუძველს გვაძლევს, რომ დეფიციტი არის მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე - 2020 წელს“, - თქვა ირაკლი კოვზანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები