მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლია ფესტივალების ქალაქი უნდა ყოფილიყო, ამისთვის ყველა პირობა არსებობს - სასტუმრო ანაკლიაში

64a417214fa2e
მარიამ იზორია
04.07.23 21:00
1364
ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. ზღვისპირეთში მდებარე სასტუმროებმა ადგილობრივი და საერთაშორისო დამსვენებლის მიღება დაიწყეს. ტურისტებს მასპინძლობენ ანაკლია-განმუხურში მდებარე სასტუმროებიც.

ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე სულ რამდენიმე სასტუმროა და ამ კურორტზე სხვა ტურისტული ობიექტების განვითარების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

რაც შეეხება უკვე არსებული სასტუმროების დატვირთვას, როგორც ჰოტელიერები bm.ge-სთან აღნიშნავენ, მიმდინარე წლის სეზონის დაწყებას ხელი უამინდობამ შეუშალა, თუმცა ამის მიუხედავად, მათი დატვირთვა 50%-ს აღემატება.

სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წელს ანაკლიას დამსვენებლები ძირითადად სომხეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან სტუმრობენ. თუმცა ზაფხულის სეზონზე ტრადიციულად ანაკლიაში ადგილობრივი, ქართველი დამსვენებლები ჭარბობენ.

„ჩვენი სასტუმრო 90%-ით დატვირთულია. სტუმრები ძირითადად სომხეთიდან, პოლონეთიდან არიან, თუმცა მათი უმრავლესობა მაინც ადგილობრივი, ქართველი დამსვენებელია.

მიუხედავად ამინდებისა, ტურისტებისა ზრდა შეინიშნება“ - ამბობს „Palm Beach Anaklia”-ს მენეჯერი თეა წულაია.

ანაკლიაში ზაფხულის ტურისტულ სეზონს აფასებს სასტუმრო „თეთრი სახლი ანაკლიაში“ დამფუძნებელიც. მისი თქმით, უამინდობის მიუხედავად, სასტუმრო 40%-ით მაინც დატვირთულია.

„ჯავშნები ივლისი-აგვისტოს პერიოდში გვაქვს. ძირითადად უკრაინელები, სომხები და ადგილობრივი დამსვენებლები ჭარბობენ. ევროპის ქვეყნებიდან ნაკლები აქტივობაა. უამინდობის მიუხედავად, 40%-ით არის სასტუმრო დატვირთული. გასულ წელთან შედარებით, განსაკუთრებული ცვლილება არ გვაქვს. მდგომარეობა ანალოგიურია“ - ამბობს მარინა თოდუა.

ზაფხულის სეზონი სავარაუდოდ უფრო აქტიურ ფაზაში შევა აგვისტოში, რადგან რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება. უფრო კონკრეტულად, 4 5 და 6 აგვისტოს კურორტი ტექნომუსიკის ფესტივალ - „კომორებს“ უმასპინძლებს.

აგვისტოს თვეზე ამყარებს იმედს ანაკლიის სასტუმრო ბიზნესიც. როგორც ისინი აღნიშნავენ აგვისტოს ჯავშნების მიღება უკვე დაიწყეს და ფესტივალის მოახლოებასთან ერთად, საერთაშორისო ვიზიტორების გაზრდილი აქტივობაც შესამჩნევია. ბიზნესი თვლის, რომ თუ მსგავსი ტიპის ფესტივალები სისტემატურ სახეს მიიღებს, ანაკლიის როგორც ტურისტული მიმართულების პოტენციალი გაიზრდება.

სასტუმროს „თეთრი სახლი ანაკლიაში“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ანაკლია ფესტივალების ქალაქი უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ტრადიცია მოიშალა, შესაბამისად, ამან კურორტის ტურიზმზე უარყოფითად იმოქმედა.

„გასულ წლებში მუსიკალური ფესტივალები სახელმწიფოს ორგანიზებით ტარდებოდა. ახლა ეს ფესტივალი კერძოა და მასშტაბიც ნაკლებია. ანაკლია ფესტივალების ქალაქი უნდა ყოფილიყო, ამისთვის ყველა პირობა არსებობს, თუმცა ეს ტრადიცია მოიშალა, რაც საწყენია.

სახელმწიფოს მხრიდან მეტი ჩართულობაა საჭირო, ბიზნესზე, რაც არის დამოკიდებული - ყველაფერს ვაკეთებთ“ - განმარტავს სასტუმროს მფლობელი.

ჰოტელიერების ინფორმაციით, წელს ანაკლიის სასტუმროებს სერვისი არ გაუძვირებიათ. მეტიც ისინი იმასაც ამბობენ, რომ ზოგიერთ ობიექტში ნომერში განთავსების ღირებულება, გასულ წელთან შედარებით შემცირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები