მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქცირებულმა “ვითიბი ბანკმა" საქართველოში 80 მლნ ლარით იზარალა

63690e56dbd24
შოთა ტყეშელაშვილი
08.11.22 00:00
666

“ვითიბი ბანკმა”, რომელიც თებერვლიდან მოყოლებული აშშ-ის ხაზინის სანქცირებულ პირთა სიაშია, საქართველოს ეროვნულ ბანკს 2022 წლის 9 თვის ფინანსური ანგარიშგება წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, “ვითიბიმ” სანქციების შედეგად 79.6 მილიონი ლარის ზარალი განიცადა. ბანკმა საკუთარი აქტივების, სესხებისა და დეპოზიტების უდიდესი ნაწილიც დაკარგა.

სანქციების დაწესებისთანავე, ვითიბის სადეპოზიტო და საკრედიტო პორტფელები, ასევე ინფრასტრუქტურა და პერსონალი ბაზისბანკმა და ლიბერთი ბანკმა გადაინაწილეს. შედეგად, ბანკის ფინანსური მაჩვენებლები ასე შემცირდა:

  • აქტივები - 471 მილიონი ლარი, კლება 77%;
  • სესხები - 311 მილიონი ლრი, კლება 79%;
  • დეპოზიტები - 42.6 მილიონი ლარი, კლება 97%.

ბანკის აქციათა 97.4%-ს რუსული VTB ბანკი ფლობს, რომლის აქციების 59.3%-ის მფლობელი არის რუსეთი ფედერაციის სახელმწიფო.

BMG-ის ინფორმციით, “ვითიბი ბანკის” საბანკო ლიცენზიის და დარჩენილი აქტივების შესყიდვით ბიზნესმენი დავით ხიდაშელი არის დაინტერესებული.

ხიდაშელმა 25 ივლისს BMG-ის კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ბანკის შეძენასთან დაკავშირებით საზოგადოება შეიტყობს მაშინ, როდესაც შესაბამისი გარიგება შედგება, იქამდე კი ამის შესახებ ვერ ისაუბრებს.

“წინასწარ ლაპარაკი ტრაბახის ტოლფასია. შეგატყობინებთ, როგორც გავაკეთებ ან შევიძენ რამეს,” - თქვა ხიდაშელმა.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, ბანკის ყიდვით დაინტერესებულ პირებს მათთვის ჯერ მიმართვა არ გაუკეთებიათ. ამასთან, ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ბანკის გაყიდვა მოხდება საერთაშორისო სანქციებთან სრულ შესაბამისობაში, რადგანაც “ვითიბი ბანკი საქართველო” სანქცირებულ იურიდიულ პირს წარმოადგენს.

თავად ბიზნესმენი დავით ხიდაშელი 2013 წლიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის AFK Sistema-ს ერთ-ერთ შვილობილ კომპანია Intracom Telecom-ს ხელმძღვანელობდა. ასევე ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. ცნობილია ასევე, რომ მან მარტში გამართულ აუქციონზე “რიყის დოქები” 10 მილიონ ლარად შეისყიდა.