აშშ-მა 500 მლნ დოზა Pfizer-ის ვაქცინა შეიძინა, რომელსაც სხვა ქვეყნებს გაუნაწილებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მიმდინარე კვირას, G7 სამიტზე გააკეთებს, რომელიც ინგლისში იმართება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ვაქცინის დაახლოებით 200 მილიონი დოზის დარიგება 2021 წელს მოხდება, ხოლო 300 მილიონი დოზა 2022 წლის პირველ კვარტალში იქნება მიწოდებული.
Pfizer-ის ვაქცინის დოზების მინიმუმ 75% COVAX-ის პლატფორმის საშუალებით განაწილდება, დაახლოებით 92 დაბალ შემოსავლიან ქვეყნებს შორის, ხოლო დარჩენილი ვაქცინების 25%-ს თეთრი სახლი საჭიროებისამებრ გაანაწილებს.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი გასულ თვეშიც აცხადებდა, რომ აშშ 80 მილიონი დოზა სხვადასხვა ვაქცინის გამოყოფას გეგმავდა, მათ შორის Pfizer-ის. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, 4 ივლისისთვის აშშ-ს ზრდასრული მოსახლეობის 70% აცრილი იქნება.