მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავარიული სახლების ჩანაცვლების წესი შეიცვალა - დადგენილება

63dbc6f9a6bbf
მარიამ დემეტრაშვილი
02.02.23 17:40
10133
ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლების წესში ცვლილება შევიდა. თბილისის საკრებულოს დადგენილების თანახმად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი ხდება, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, განიხილოს ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე, დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე.

ეს ნიშნავს, რომ ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლების პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტი განახორციელებს და ახალ კორპუსს არა იმავე ადგილას, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებს. ამისთვის მას კორპუსის მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობა აღარ დასჭირდება, როგორც ეს აქამდე იყო საჭირო.

თბილისის საკრებულოში აღნიშნული ცვლილების საჭიროებას განმარტავენ და ამბობენ, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლება ფერხდებოდა, თუკი პროექტზე თანხმობას კორპუსის ყველა მცხოვრები არ გამოთქვამდა. აღნიშნული ცვლილების შემდეგ კი ახალი კორპუსის მშენებლობის დაწყება შესაძლებელი გახდება კორპუსის მცხოვრებთა უმრავლესობის თანხმობითაც.

„იმ შემთხვევაში, თუ მობინადრეებს სურთ გარკვეული პროექტის დაწყება, ყველა პირის თანხმობა აღარ იქნება საჭირო. ეს განაპირობა პრაქტიკამ. როდესაც სხვა მიწაზე ხდება ჩანაცვლება, ანუ ახალი კორპუსის მშენებლობა, ამ დროს გარკვეულ მობინადრეებს აქვთ ხოლმე ეჭვები, რომ გასცეს თანხმობა საკუთარი ფართის დათმობასა და ახალი ფართის მიღებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ არანაირი ხარჯი არ წარმოეშვებათ და მუნიციპალიტეტი იღებს როგორც ქირის, ასევე მშენებლობის ხარჯს, მაინც არსებობს ხოლმე გარკვეული ეჭვები. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ამ პროექტის განხორციელების გარანტორი არის ქალაქის ბიუჯეტი, შესაბამისი თანხებიც არის გამოყოფილი და ყველა დაწყებული პროექტი ნამდვილად მივა ბოლომდე.

შესაბამისად, ჩვენ ქალაქის მთავრობას და თბილისის განვითარების ფონდს მივეცით უფლებამოსილება, დაიწყოს კონკრეტული პროექტები, რისთვისაც მათ დასჭირდებათ უმრავლესობის თანხმობა, თუმცა არა აბსოლუტური უმრავლესობა. მაგალითად, თუკი 100 ოჯახიან კორპუსში 4-5 ოჯახი იქნება ისეთი, რომელიც გარკვეული ეჭვების გამო უარზე იქნება, პროექტის განმახორციელებელს მშენებლობის დაწყების უფლებამოსილება მაინც ექნება“, - თქვა საკრებულოს დეპუტატმა, ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემაში „საქმიანი დილა“.

მისივე თქმით, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროექტში გათვალისწინებული არ არის ავტოფარეხები, სარდაფები და სხვენები. ალტერნატიული, ახალი ფართით ჩანაცვლება მხოლოდ საცხოვრებელ სახლს ეხება.

„ამ პროექტის მიზანია, შეიქმნას არაავარიული, უსაფრთხო, ჯანსაღი საცხოვრისი გარემო. ჩვენ არ გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ თუნდაც ამ 4 წელში ყველა კორპუსს ჩავანაცვლებთ. ძველი დათვლებით, თბილისში 900-მდე ავარიული კორპუსია, თუმცა მგონია, რომ უფრო მეტი იქნება, რადგან ყველა არ არის შეფასებული. გასულ წელს ამ პროექტისთვის 20 მლნ ლარი გვქონდა გათვალისწინებული და წელსაც იგივე თანხის დახარჯვას ვაპირებთ. თუმცა თუკი მოსახლეობის მხრიდან იქნება კოოპერაცია, მზად ვართ, რომ ეს თანხა გავზარდოთ“, - თქვა ლევან ჟორჟოლიანმა.

თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დადგენილების თანახმად, ცვლილება შეეხო კომპენსაციის ნაწილსაც. კერძოდ, მესაკუთრეები, რომლებიც ახალი კორპუსის მშენებლობის დასრულებამდე, საცხოვრებლად ალტერნატიულ ფართს იქირავებენ, მაგრამ მუნიციპალიტეტს ქირავნობის ხელშეკრულებას არ წარუდგენენ, კომპენსაციის სახით გასაცემი თანხის ოდენობა 500 ლარი იქნება. 500 ლარიანი კომპენსაცია გავრცელდება მათზეც, ვინც ავარიულ კორპუსში კომერციულ ფართს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები