BMG-ის ჟურნალისტმა თელარა გელანტიამ მედიის ადვოკატირების წევრი ორგანიზაციის - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დახმარებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლო ფაქტის შესასწავლად სახალხო დამცველს მიმართა.
საქმე ის არის, რომ 2022 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა BMG-ს მთავარ რედაქტორს თელარა გელანტიას საქართველოს მთავრობის სხდომის გაშუქების, საქართველოს მთავრობის წევრთათვის კითხვების დასმისა და მისი, როგორც ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება არ მისცა.
აღსანიშნია ისიც, რომ მთავრობის ადმინისტრაციას არ უთქვამს უარი ოპერატორის შეშვებაზე; ასევე BMG-ს განემარტა, რომ მათი აკრძალვა მიემართება მხოლოდ პერსონალურად თელარა გელანტიას და არა ზოგადად ტელევიზიას.
ამდენად, ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონო და დისკრიმინაციულია და იგი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულ, თანასწორობის ძირითად უფლებასთან და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
„საქართველოს მთავრობის აღნიშნული ქმედება, გარდა იმისა, რომ არღვევს განმცხადებლის, როგორც ინდივიდუალური ჟურნალისტის უფლებებს, წარმოადგენს გამოხატულებას იმ უარყოფითი ტენდენციისა, რაც, განსაკუთრებით, გასული წლების განმავლობაში არსებობს ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულებაში მედიის მიმართ. მედიის თავისუფალი საქმიანობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის სხდომებზე საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვების დასმა და ამ კითხვებზე პასუხების გაშუქება კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს, ღია მმართველობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის. საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, დისკრიმინაციულია განმცხადებლის, როგორც ინდივიდუალური ჟურნალისტის, მიმართ და, მეორე მხრივ, შეიცავს საფრთხეს ინფორმირებული და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის. კერძოდ, დასაბუთებული და კრიტიკული სიუჟეტების მომზადების გამო ჟურნალისტის დისკრიმინაციამ შესაძლოა მსუსხავი ეფექტი იქონიოს სხვა ჟურნალისტთა საქმიანობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ დისკრიმინაციულ მოპყრობას იყენებს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, ფაქტი თავისთავად ქმნის სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ მიბაძვის საფრთხეს, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს მედიის მიმართ მტრული გარემოს ჩამოყალიბებას და აუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში“, - აცხადებენ IDFI-ში.
მეტიც, გარემოებების ანალიზი იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ "არდაშვების" გადაწყვეტილების მიზანი იყო ჟურნალისტის "დასჯა", სავარაუდოდ, მის მიერ მომზადებული კრიტიკული სიუჟეტისთვის.
ცნობისთვის: 12 სექტემბერსვე, დღის მეორე ნახევარში მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანამშრომელმა BMGTV-ის დირექტორ თამრიკო ქემერტელიძეს განუცხადა, რომ ჟურნალისტ თელარა გელანტიას მთავრობის მომდევნო სხდომის გაშუქების უფლება მიეცემა.
ამასთან BMG-მ ოფიციალურად მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომ წერილობით განმარტოს, რა მიზეზით არ მიეცა ჟურნალიტს თელარა გელანტიას მთავრობის სხდომის გაშუქების უფლება. საქართველოს მთავრობის პასუხს მიღებისთანავე გაგაცნობთ.