მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ხუთი წელი ენერგეტიკაში ინვესტიციები თითქმის გაჩერებული იყო - პრემიერი

63aad696117ff
მარიამ ვარადაშვილი
27.12.22 15:25
703
2022 წლის ანგარიშის წარდგენისას პრემიერმა ენერგეტიკულ პროექტებზეც ისაუბრა. ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ 2-3 წელიწადში საქართველოს 2300 მეგავატის მოცულობის გენერაცია შეემატება.

“ბოლო 5 წელი თითქმის გაჩერებული იყო ამ დარგში ინვესტიციები. ჩემი დავალებით, აქტიურად ვიმუშავეთ IMF-თან და შევთანხმდით, რომ ახალ სქემას ავამოქმედებთ, ეს უკვე დამტკიცებულია მთავრობის მიერ. ჯამში 1500 მეგავატზე გამოვაცხადებთ ტენდერს. ამას გარდა, გაეშვება 800 მეგავატი, რომელზეც უკვე გაფორმებული და გაცემულია PPA ხელშეკრულებები.

ჯამში, მინიმუმ 2-3 წელიწადში, დაახლოებით 2300 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესებზე არის საუბარი. ეს არის 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. აქ შედის როგორც ჰიდრო, ასევე მზის და ქარის ენერგიები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის”, - აცხადებს პრემიერი.

ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ევროპაში შექმნილ ენერგოკრიზისზე და ამ პროცესში ახალი გენერაციების მნიშვნელობაზე.

“ახლა ვუყურებთ რა ხდება ევროპაში - ენერგოკრიზისი, ფასების მატება. საშუალო ფასი ერთ კვტ/სთ ელექტროენერგიის შეადგენს 20 ცენტს ევროპის ქვეყნებში. გერმანიაში 80 ცენტიც კი დაფიქსირდა ზაფხულის თვეში, ზოგგან 50-60 და საშუალო არის 20 ცენტი. ჩვენთან არის ძალიან იაფი ელექტროენერგიის ფასი, ამიტომ გვჭირდება, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გავიმეორო, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევის მიმართვა. სწორედ ამ მიზნით, დავამტკიცეთ ახალი სქემა”, - ამბობს ღარიბაშვილი.

გარდა ამისა, წლიური ანგარიშის წარდგენისას, შავ ზღვაში დაგეგმილი ახალი გადამცემი ხაზის მშენებლობა მნიშვნელობით პრემიერმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს შეადარა.

“მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი ბულგარეთში, სადაც ისტორიულ პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი. ეს თავიდან ბოლომდე ქართული ინიციატივაა, ჩვენ მიერ მიტანილი ინიციატივა ევროკავშირში, ჩვენს პარტნიორებთან, მეგობარ აზერბაიჯანთან და რუმინეთთან. რუმინეთთან ერთად დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, რომელსაც შეუერთდა აზერბაიჯანი და უნგრეთი. მას სრული მხარდაჭერა აქვს ევროკავშირის მხრიდან. რამდენიმე თვეში დასრულდება ე.წ. კვლევები, ფიზიბილითი და ამის შემდეგ ჩვენ აქტიურ სამუშაოებზე გადავალთ. დაახლოებით 2-3 მილიარდი დოლარი დაჯდება აღნიშნული პროექტი და ამ პროექტს განვახორციელებთ ჩვენ ყველანი ერთად, ის ქვეყნები რომლებმაც ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ მემორანდუმს.

ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია, საქართველოს ელექტროენერგიის შესაბამისი გამომუშავეა ჰქონდეს. ამიტომ გვჭირდება გენერაციის ობიექტების განვითარება, აშენება როგორც ქარის, მზის ჰიდროელექტროსადგურების, ასევე თბოსადგურების, რომ ჩვენი წილი ელექტროენერგია გავყიდოთ ევროკავშირში, რაც ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და საბოლოო ჯამში, ეს სიკეთე ჩვენს ხალხზე აისახება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ეკონომიკის ზრდა წინ უსწრებს გენერაციის გამომუშავებას, აუცილებელია რომ ეს პროპორციები შევატრიალოთ. გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკის ზრდას“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები