მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დელტა ტექსტილი“: რატომ დააფუძნა თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო სამკერვალო?

606753c408b53
თელარა გელანტია
02.04.21 23:40
6198
საკუთარი სამკერვალო ჯარს - ეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის და უკვე მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის ხედვის ნაწილია, რომელიც სისრულეში უკვე მოყვანილია. შპს „დელტა ტექსტილი“ - ეს არის სამკერვალო ფაბრიკა, რომელიც სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ 2020 წლის აგვისტოში დააფუძნა. ფაბრიკის დირექტორი მაია უსანეთაშვილია. „დელტა ტექსტილმა“, რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაშია, ევროპულ ბაზარზე მომუშავე ტექსტილის მწარმოებელი ქართული კომპანია „ჯეო-ემ-ტექსის“ 49%-იანი წილი შეისყიდა.

„მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში გამოწვევა იყო ტენდერები, შეკვეთები და სამხედროებისთვის ხშირად უხარისხო ტანსაცმელი იკერებოდა; ჩვენ განვახორციელეთ ჩვენი ჯარისთვის კუთვნილი ფაბრიკის შეძენა. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? ჩვენ მოგვეცემა საშუალება, ჯარს მივაწოდოთ ხარისხიანი პროდუქცია - იქნება ეს ხარისხიანი ფორმები, ზამთრის და ზაფხულის ქურთუკები თუ სხვა... გავხდით პარტნიორები ისეთი წარმატებული კომპანიის, როგორიც არის „ჯეო-ემ-ტექსი“, რომელიც მხოლოდ მსოფლიო ბრენდებთან მუშაობს. ისინი აქ კერავენ ცნობილი ბრენდების პროდუქციას და ის ექსპორტზე გადის ევროპასა და ამერიკაში. ჩვენი ჯარი გახდა ამ ფაბრიკის მეწილე“, - ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის 1 ოქტომბერს „ჯეო-ემ-ტექსის“ ფაბრიკის დათვალიერებისას გააკეთა, სადაც მას „ჯეო-ემ-ტექსის“ წარმომადგენლის სტატუსით ბიზნესმენი გრიგოლ მორჩილაძე მასპინძლობდა.

თავდავის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, რომ „ჯეო-ემ-ტექსის“ სამომავლო გეგმებში ჯარისთვის ფეხსაცმლის შეკერვაც შედის.

„მივესალმებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს კომპანიაში ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. ამით რეალურად ხდება ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და იმპორტის ჩანაცვლება. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, შემდეგი წლების განმავლობაში 300-ზე მეტი თანამშრომელი შევინარჩუნოთ და ასევე, სამომავლოდ, ქართული ჯარისთვის ფეხსაცმლის წარმოებაზე ვიფიქროთ“, - აცხადებდა გრიგოლ მორჩილაძე.



აღსანიშნავია, რომ „ჯეო-ემ-ტექსის“დირექტორი და საკონტროლო წილის მფლობელი არის ბიზნესმენი რამაზ საღარაძე, 49% კი უკვე ფაქტობრივად, თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. სამკერვალო საწარმო 2015 წელს დაფუძნდა; ის სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. ირკვევა, რომ მან ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით ისარგებლა, სავარაუდოდ, 1 ლარად მიიღო ქონება, ჯამში, სამკერვალო ფაბრიკაში, რომელიც თბილისში მდებარეობს, 3 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. 
საინტერესო დეტალია ისიც, რომ გრიგოლ მორჩილაძე, რომელიც დღეს „ჯეო-ემ-ტექსს“ წარმოადგენს, 2014 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი იყო, მაშინ სააგენტოს დიმიტრი ქუმსიშვილი თავმჯდომარეობდა.

იმ ფონზე, როდესაც მთავრობას გაცხადებული აქვს სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია და სხვათა შორის უკვე გამოცხადდა აუქციონი სამკერვალო შპს „დემეტრე 96“-ის პრივატიზაციის მიზნით, რომელიც წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს შეკვეთებსაც ასრულებდა, ჩნდება კითხვა - რატომ დადგა დღის წესრიგში ჯარისთვის საკუთარი ფაბრიკის ყიდვა და ამ მიზნით სახელმწიფო სამკერვალოს დაფუძნება, ასევე რა დაჯდა გარიგება და ა.შ. ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათავალია, რომლებზეც პასუხის მიღებას თავდაცვის სამინისტროსგან bm.ge ბოლო 6 თვის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ სრულყოფილი და დეტალური ინფორმაცია მაინც ვერ მივიღეთ.

თავდაცვის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ „დელტა ტექსტილის“ ანუ სახელმწიფოს სამკერვალოს მიერ „ჯეო ემ ტექსის“ 49%-იან წილში შესვლა არა უშუალოდ წილის შესყიდვით, არამედ კომპანიის სასესხო ვალდებულებებში „დელტა ტექსტილით“ ჩანაცვლების გზით განხორციელდა “; ამის შემდეგ დავინტერესდით გარიგების დეტალებით, თუმცა გვითხრეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია კომერციული საიდუმლოებაა, რომელიც დაკავშირებულია, როგორც შპს „დელტა ტექსტილთან“, ასევე შპს „ჯეო-ემ-ტექს“-თან და სასესხო ურთიერთობებში ჩართულ სხვა კომერციულ იურიდიულ პირებთან.

რაც შეეხება კითხვას - თუ ჩატარდა ბაზრის მოკვლევა იქამდე, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილის უწყება ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა და რა ეკონომიას მიიღებს ბიუჯეტი სახელმწიფო სამკერვალოს დაფუძნებით, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, კონკრეტული პასუხები ვერც ამ კითხვებზე მივიღეთ.

„მოგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ბაზრის მოკვლევა განახორციელა. შედეგად დადგინდა, რომ მთავარ კრიტერიუმებს - გამოცდილება, დანადგარების ხარისხი, და ა.შ. სრულად აკმაყოფილებს კომპანია „ჯეო-ემ-ტექსი“.

რაც შეეხება თანხას, „დელტა ტექსტილში“ დამზადებული ფორმებისა და ეკიპირების ხარჯები არ აღემატება ფორმების იმპორტით უზრუნველყოფისთვის გათვლისწინებულ თანხას.

2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს თავდაცვის ძალების ფორმებითა და ეკიპირებით უწყვეტ მომარაგებას საფრთხე შეექმნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს გარკვეული გარანტიები ქვეყნის თავდაცვის ინტერესების განხორციელებისთვის. აღსანიშნავია, რომ ფორმების იმპორტით უზრუნველყოფისთვის გათვლისწინებული თანხა სრულად მოხმარდება კომპანია „დელტა ტექსილს“, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ასობით თანამშრომლის დასაქმებას.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით ქართულ ჯარს ექნება საკუთარი სამკერვალო, რაც მაღალი ხარისხის პროდუქციით მომარაგების გარანტიაა და ამავდროულად, აღნიშნული ადგილობრივი წარმოების განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, - მოგვწერეს თავდაცვის სამინისტროდან.

Bm.ge-მ ასევე დასვა კითხვა - სახელმწიფო სამკერვალოს დაფუძნებით, იხურება თუ არა სხვა კერძო სამკერვალოებისთვის კონკურენციის კარი ანუ ჯარს მხოლოდ „დელტა ტექსტილი“ ჩააცმევს თუ - არა?

თავდაცვის უწყებამ ამ კითხვაზეც ძალიან ზოგადად გვიპასუხა, რომ „ყოველი ცალკეული შესყიდვის შემთხვევაში, ინდივიდუალურად, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკის, მოცულობის, სავარაუდო ღირებულების და მიწოდების ვადის გათვალისწინებით მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ რა ფორმით განახორციელონ საჭირო საქონლის შესყიდვა, ეს იქნება „დელტა ტექსტილისაგან“ თუ შესყიდვის პროცესში ჩაერთვებიან სხვა მიმწოდებლებიც“.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროში პირდაპირ ამბობენ, რომ „გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გარანტირებული შესყიდვის შესაძლებლობა გარკვეულ ინვესტიციას წარმოადგენს ადგილობრივ წარმოებაში“.

„მონიტორინგის და ანალიზის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რასაც ასევე ანალოგიური წარსული შესყიდვების განხორციელების გამოცდილებაც ადასტურებს, რომ ადგილობრივ მიმწოდებლებს არ გააჩნიათ საკმარისი რესურსი იმუშაონ თავდაცვის სამინისტროს შეკვეთებზე და შეფერხებების გარეშე მიაწოდონ საჭირო საქონელი. პრობლემური საკითხებია:

საწარმოს მცირე ზომები, ფინანსური პრობლემები, მენეჯმენტისა და დასაქმებულების არასაკმარისი კვალიფიკაციის დონე და ა.შ. აღნიშნული გარკვეულ ბარიერს ქმნის შესაბამის მიწოდების ბაზარზე ოპერირებადი მიმწოდებლებისათვის. შედეგად, ფიქსირდება შედარებით დაბალი კონკურენცია, ნაკლები სანდოობა უწყვეტი მომარაგების კუთხით, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში ვერ სრულდება უკვე გაფორმებული ხელშეკრულებები. რიგ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს უწევს კონტრაქტების გაფორმება უცხოურ კომპანიებთან, რაც ქვეყნიდან ფინანსური რესურსის გადინებასა და მხოლოდ პრობლემის მოკლე ვადაში მოგვარებას უწყობს ხელს“, - აცხადებენ სამინისტროში.

რაც შეეხება იმას, ჯამში, წელს რა ღირებულების შეკვეთას მიიღებს სახელმწიფო სამკერვალო თავდაცვის სამინისტროსგან, ამ კითხვაზე პასუხად მივიღეთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „დელტა ტექსტილს“ შორის დადებული ხელშეკრულება ამ ნაწილშიც საიდუმლოა, თუმცა გვითხრეს, რომ „დელტა ტექსტილის“ სამკერვალოში აქტიურად მიმდინარეობს ფორმების დამზადების პროცესი და უახლოეს მომავალში სამხედრო მოსამსახურეთა ნაწილი (პირველი ნაკადი) „დელტა ტექსილის“ მიერ დამზადებული ფორმითა და ეკიპირებით აღიჭურვება. „აღნიშნული პროცესი უწყვეტია და წლის ბოლომდე გაგრძელდება“, - გვითხრეს სამინისტროში.

სახელმწიფო სამკერვალო „დელტა ტექსტილში“ დასაქმებულია 400-მდე ადამიანი. #წერტილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები