მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დემარკაციის პრობლემაა, არსებობს ხელით დაჩხაპნილი საზღვრები” - სუბარი გარდაბანი-თბილისის საზღვრის შეცვლაზე

618bfb8755177
ანუკა ჯოხაძე
10.11.21 22:47
668
დღეს, პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, ხმათა უმრავლესობით, თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლას მხარი დაუჭირა. პარლამენტის ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების თანახმად, საქმე ეხება კომპანია „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსის“ არაერთგზის მიმართვას როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე მუნიციპალიტეტებისა და სამინისტროებისადმი იმის თაობაზე, რომ ინვესტორის მიერ 2014 წელს ნაყიდი მიწის ნაწილი, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებით გარდაბანს ეკუთვნის, თბილისის ტერიტორია აღმოჩნდა და უძრავი ქონების მფლობელი აღნიშნულის გამოსწორებას ითხოვს, რადგან სურს, რომ პროექტი სწორედ გარდაბანში განახორციელოს და არა - თბილისში. საუბარია, 1 მლნ კვ/მ მიწის ფართობზე.

როგორც პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, მაშინ როცა ინვესტორ კომპანიას არსებული ნაკვეთი გადაეცა ნასყიდობის ხელშეკრულებაში მისი ადგილმდებარეობა გარდაბანი, სოფელი თელეთი იყო. თუმცა მისი განმარტებით, იმის გამო, რომ ქვეყანაში დემარკაციის პრობლემაა, ხარვეზი გამოიკვეთა და ნაკვეთის ნაწილი არა გარდაბნის, არამედ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

“როცა ხელშეკრულება დაიდო, მასში იყო ჩადებული ეს მიწის ნაკვეთი როგორც გარდაბნის ნაწილი. რუკები როგორც ჩანს, 2006 წელს შედგა და დემარკაცია ბოლომდე არ მოხდა. ეს პრობლემა დღესაც დგას. არსებობს ხელით დაჩხაპნილი საზღვრები, შესაბამისად, დემარკაცია არის გასაკეთებელი. ახლა დემარკაცია მხოლოდ იმ კონკრეტულ ადგილზე გაკეთდა, სადაც ეს საზღვარი გაევლო. დემარკაციის პრობლემა არა მხოლოდ თბილისთან არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით არის გასაკეთებელი.”-აცხადებს პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

bm.ge დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს იმის გასარკვევად, რეალურად, რა გაყიდეს 2014 წელს და რატომ შეექმნა ინვესტორს პრობლემა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ნასყიდობის ხელშეკრულების პროცესში, სააგენტო საჯარო რეესტრის მონაცემებს დაეყრდნო, სადაც როგორც ჩანს შეცდომა იყო.

“სოფელ თელეთში მდებარე 3311127 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებად 2014 წლის 17 სექტემბერს დარეგისტრირდა. უძრავი ქონების ამონაწერის მიხედვით, ობიექტის მისამართად განისაზღვრა გარდაბანი, სოფელი თელეთი. იმავე წლის 25 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით, აღნიშნული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით 9 მილიონ ლარად გადაეცა შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსს". მოგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო განკარგულების პროექტის მომზადებისას და მხარესთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ეყრდნობოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში უძრავი ქონების რეგისტრირებულ მონაცემებს.” - ამბობენ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოში.

სოზარ სუბარის კომიტეტის სხდომაზე დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ ინვესტორი მიწის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში მოქცევის საჭიროებას თბილისში არსებული ბიუროკრატიული პრობლემებით და მშენებლობის ნებართვის მიღების სირთულით ხსნის.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტმა თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას კი დაუჭირა მხარი, თუმცა ახლა უკვე კომიტეტის გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს უნდა ეცნობოს, ამის შემდეგ კი, როგორც რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი განმარტავს, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტის პლენარულ სესიაზე მიიღებენ.

ცნობისთვის, 2014 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ შპს “პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს” თბილისის სამხრეთით, 331 ჰექტრის მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის წესით, 9 მილიონ ლარად გადასცა, სახელმწიფომ კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებების განუსაზღვრა. კერძოდ, ინვესტორს ტერიტორიაზე სპორტულ/გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობა დაევალა, რაშიც ინვესტიციის სახით მინიმუმ 6.4 მილიონი ლარი უნდა ჩაედო. შესაბამისად, მიწის ღირებულებისა და საინვესტიციო ვალდებულება 15.4 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც კვადრატულ მეტრზე გადათვლით მხოლოდ 4.65 ლარს შეადგენდა.

ამჟამად, "თბილისი ჰილსი" დედაქალაქის უმსხვილეს გოლფ კლუბს და მაღალი კლასის ვილებს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები