ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველი ანგარიში გამოაქვეყნა. EBRD-ის შეფასებით, გლობალური ეკონომიკა 1970-იანი წლების შემდეგ მიწოდების ყველაზე დიდი შოკის წინაშე დგას.
„ბანკი პროგნოზირებს, რომ სურსათის, საქონლის, ნავთობის, ბუნებრივი აირისა და მეტალების გაზრდილ ღირებულებას დიდი გავლენა ექნება ეკონომიკაზე, განსაკუთრებით კი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. რუსეთს და უკრაინას ხორბლის, სიმინდის, ტიტანის, ნიკელისა და სასუქი პროდუქტების მიწოდების ჯაჭვში არაპროპორციულად მაღალი წილი აქვთ“, - წერია ანგარიშში.
EBRD-ის ვარაუდით, წელს უკრაინის ეკონომიკა 20%-ით შემცირდება. რუსეთთან მიმართებით კი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 10%-ით კლებაა ნავარაუდევი. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებამდე ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ უკრაინის ეკონომიკა 3.5%-ით გაიზრდებოდა, რუსეთის კი - 3%-ით.
რაც შეეხება ეკონომიკური აღდგენის საკითხს, EBRD-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევისა და რამდენიმე თვეში რეკონსტრუქციის მნიშვნელოვანი პროცესის დაწყების შემთხვევაში, 2023 წლის ბოლოსთვის უკრაინის მშპ თითქმის დაუბრუნდება ომამდელი პერიოდის მაჩვენებელს.
ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია, რომ განჭვრეტად მომავალში საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული სანქციები შენარჩუნდეს, 2023 წლისთვის კი რუსეთის ეკონომიკა სტაგნაციაში იყოს.
EBRD-ის ვარაუდით, საქართველოში, სომხეთში, ესტონეთსა და მონტენეგროში მოსალოდნელია ტურისტული ნაკადების შემცირდება.
2022 წლის ბოლოს ბანკი საქართველოს ეკონომიკის 2.0%-ით ზრდას პროგნოზირებს, 2023 წელს კი მშპ-ის 4.5%-ით ზრდაა ნავარაუდევი.
























