მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი კომპანიებისგან მათი საქმიანობის უსაფრთხოებაზე გარანტიებს ითხოვს

5e85d1d69e319
ვიქტორია მღებრიშვილი
02.04.20 17:00
750
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ გაყიდვების მიმართულებით დღესდღეობით არსებული შეზღუდვების აუცილებლობასა და ამ სფეროს შემდგომი საქმიანობის დეტალებზე ისაუბრა.

„ვიცი, რომ ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა, ზოგადად ბიზნესის შეზღუდვა ყოველთვის არასასიამოვნო და მტკივენულია, მაგრამ ეს პირველ რიგში ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ბიზნესებს საქმიანობის ახალ წესზე გადაწყობა და მაქსიმალურად დავრწმუნდეთ, რომ ისინი შეძლებენ, დაიცვან უსაფრთოხების ყველა ზომა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე, უსაფრთხოების დაცვის ამოცანიდან გამომდინარე, არასასურსათო პროდუქციის ონლაინ გაყიდვები, პრაქტიკულად, აკრძალულია - ამაში არ შედის ფარმაცევტული ნაწარმი. ასევე გრძელდება სასურსათო ონლაინ გაყიდვები, რადგან ის სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სფეროა.

„მაგრამ ჩვენ აქაც გადავამოწმებთ და მოვითხოვთ ყველა წესების დაცვას. გუშინ თავის ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და მე კვლავინდებურად მინდა ვთქვა, რომ ეს არის დროებითი იძულებითი ზომა, რადგან საკმაოდ დიდი სფეროა, საკმაოდ დიდი სისტემა, საკმაოდ დიდი ურთიერთობათა ჯაჭვი - იქ არის საწყობები, ჩართულია მიტანის სერვისები, ჩართულია ოფისები. მე მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ კომპანიას, ვინც ძალიან მოკლე ხანში ააწყო ონლაინ გაყიდები, იმიტომ, რომ ესეც არ იყო მარტივი - ძალიან კარგად ვიცი, რა რესურსთანაც იყო ეს დაკავშირებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს იმ საკითხზე მუშაობა, თუ როგორი მოდელით და ფორმატით იქნეს შეთავაზებული ამ ბიზნესისთვის მუშაობის გადაწყობა.

„მათ შორის, პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც საწყობებში მუშაობენ, აბსოლუტურ შესაბამისობაში არიან გაიდლაინებთან - აღჭურვილები, ეკიპირებულები, მათი ქცევის ალგორითმი უნდა იყოს გათვლილი. ასევე ის ადამიანები, ვინც მიდიან ამა თუ იმ ოჯახში და ჩვენ ვუღებთ კარს, თვითონაც უნდა იყვნენ დაცულები და რა თქმა უნდა, კლიენტებიც დაცულები უნდა იყვნენ. ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ, ძალიან მალე შევთავაზებთ კონკრეტულ წესებს და მოსაზრებებს ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, გადავიდეს ონლაინ გაყიდვებზე და ვინც ჩართულია ამ ბიზნესში“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ყველა კომპანია, ვინც ონლიან საქმიანობაშია ჩართული, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ატარებს, რადგან უამრავ ოჯახთან და ადამიანთან აქვს შეხება.

„როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია სრულიად პასუხობს და გარანტიას გვაძლევს, რომ მისი საქმიანობა უსაფრთხო იქნება, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ დავუშვათ კონკრეტული კომპანიების საქმიანობა. როგორც კი მთელი სფერო უპასუხებს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება, რა თქმა უნდა, მთელი სფერო იფუნქციონირებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ახალ ვითარებაში ფუნქციონირება, გადავეწყოთ ამ, ასე ვთქვათ, კრიზისულ ვითარებაში და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი კომპანიის საქმიანობა იქნება უსაფრთხო და შესაძლებელი“, - აღნიშნა მინისტრმა.