ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა თანამდებობა დატოვა. ის ამ პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.
პრემიერის გადადგომას წინ ქვეყნის პროკურატურის მიერ 12 იანვარს გაკეთებული განცხადება უძღოდა, რომელშიც პროკურატურამ აღნიშნა, რომ მათ მმართველი ცენტრისტული პარტიის 5 წევრის სავარაუდო კორუფციული საქმიანობის შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყეს.
ესტონური მედიის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებმა ბიზნესმენ ჰილარ ტედერს პარტიისთვის 2 მილიონი ევროს შემოწირულობის მიღების სანაცვლოდ მისცეს პირობა, რომ მისი კუთვნილი სამშენებლო კომპანია "პორტო ფრანკო" ტალინის ისტორიული ცენტრის აღდგენისთვის €39 მილიონი ევროს მოცულობის სახელმწიფო ტენდერს მიიღებდა.
ესტონური მედიის ინფორმაციით, კორუფციულ გარიგებაში მონაწილე კომპანიამ სახელმწიფოსგან საკრედიტო გარანტიის სახით 100 მილიონი ევრო მიიღო, რის შესახებაც გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო.