ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი "საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობელობის ფაქტორებით გამოწვეული რისკების კვლევას" აქვეყნებს. კვლევის მიზანია გამოკვეთოს საქართველოში რუსული გავლენის მიმართ მოწყვლადი სექტორები და შესაბამისი რისკების შესამცირებლად საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით სახელმწიფოს შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდოს.
ორგანიზაციის კვლევა ეფუძნება საქართველოში რუსული ბიზნესების შესახებ არსებულ მონაცემებს, მათ შორის IDFI-ის 2023 წლის ანგარიშს ქვეყანაში რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული კომპანიების შესახებ. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებზე და მათში რუსული გავლენების კონცენტრაციის რისკებზე. ამასთან, კვლევის ავტორები ხელისუფლებას მოუწოდებენ ისეთ პროცესებში, როგორიცაა სახელმწიფო აქტივების პრივატიზაცია თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, დაინერგოს დასავლურ ქვეყნებში აპრობირებული შესაბამისი მექანიზმები, რომლებიც მავნე საგარეო ზეგავლენის შემცირებისკენ არის ორიენტირებული.
ISET-ის კვლევა: ეკონომიკის სექტორები, რომლებშიც საქართველოში რუსული გავლენა შეინიშნება
ელექტროენერგიის სექტორი:
IDFI-ის მონაცემებით, საქართველოს ენერგობაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რუსულ კომპანია „ინტერ რაოს“. კომპანია ფლობს ჰესებს ხრამჰესი 1 და ხრამჰესი 2. „ინტერ რაო“ ასევე ფლობს წილების 75%-ს სს „თელასში“ (2020 წლიდან „თელმიკო“), რომელიც საქართველოს დედაქალაქის ერთადერთი ენერგომიმწოდებელია და ემსახურება 697,4 ათას აბონენტს. მთლიანობაში, თბილისზე მოდის საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 20%, რაც 3 მილიარდ კვტ/სთ-ს შეადგენს. ამრიგად, მფლობელობის წარმოდგენილი მასშტაბის შედეგად, „ინტერ რაო“ აკონტროლებს საქართველოში ელექტროენერგიის გენერირებისა და მიწოდების მნიშვნელოვან რესურსებს.
სს „თელასის“ აქციების 75,11%-ს ფლობს Silk Road Holding B.V., რომელიც მთლიანად „ინტერ რაოს“ საკუთრებაშია. „ინტერ რაოს“ კი, თავის მხრივ, ფლობს და აკონტროლებს რუსეთის სახელმწიფო კომპანიები (მაგ. „როსნეფტგაზი“, „ინტერ რაო კაპიტალი“ და Rosetti FGC EES). „ინტერ რაოს“ სამეთვალყურეო საბჭო 11 წევრისგან შედგება, მათგან 4 წევრი სანქცირებულია აშშ-ის მიერ. მეორე მხრივ, სს „თელასის“ აქციების 24,53%-ს ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილ კომპანია „ბესტ ენერჯი ჯგუფის“ საკუთრებაშია. 2022 წლის მაისში ხვიჩა მაქაცარიამ ასევე შეიძინა „ვიონი საქართველოს“ („ბილაინი“) 100%-იანი წილი, ეს არის კომპანია, რომელიც დაკავშირებულია სანქცირებულ რუს ბიზნესმენ მიხაილ ფრიდმანთან. რაც შეეხება ხრამჰესი 1-სა და ხრამჰესი 2-ს, აღნიშნული კომპანიების საკუთრებაში შედის GARDABANI HOLDINGS B.V, რომელიც უშუალოდ „ინტერ რაოს“ ეკუთვნის.
„ინტერ რაოს“ მფლობელობაშია კიდევ ერთი კომპანია – შპს „ლუქს ენერჯი ტრეიდინგი“, რომელიც შუამავალი კომპანიაა და წარსულში ცნობილი იყოს სახელით შპს „ინტერ რაო საქართველო“. კომპანია მონაწილეობს ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში, როგორც ექსპორტიორი, იმპორტიორი და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი. კომპანია ჩართულია საქართველოში რუსული ელექტროენერგიის იმპორტში.
რუსული კავშირები გამოიკვეთა ენერგოსექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებშიც, რომლებიც, დაახლოებით, 751 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, შპს „მტკვარი ენერგია“ აშენებს მტკვარი ჰესის პროექტს. პროექტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 251,5 მლნ კვტ/სთ იქნება, ხოლო სს „დარიალი ენერჯი“ ყაზბეგში დარიალი ჰესს აშენებს. ჰესის წლიური სტაბილური გამომუშავება შეადგენს 500 მლნ კვ/სთ-ს. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს დარიალის ელექტროსადგურის ქვესადგურის კავშირს ეროვნულ ქსელთან, დარიალის 110 კვტ-იანი გადამცემი ხაზით.
რაც შეეხება „მტკვარი ენერჯის“, ის შპს „მტკვარი ჰოლდინგის“ საკუთრებაა, ხოლო კომპანიის წილებს შპს „ჯი სი ეფ პარტნიორები“ მართავს. შპს „ჯი სი ეფ პარტნიორები“ არის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია, რომლის მფლობელიც საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი გიორგი ბაჩიაშვილია. გარდა ამისა, „მტკვარი ჰოლდინგის“ ენერგო პროექტების მოქმედი დირექტორი არის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, „რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორია და უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადაცემასა და დისპეტჩერიზაციას. ელექტროენერგიის გადაცემა ხდება ჰიდრო, თბო და ქარის ელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებამდე და პირდაპირ მომხმარებლებამდე.
რაც შეეხება სს „დარიალი ენერჯის“, კომპანიის აქციების 44,27% შპს „ენერგიას“ ეკუთვნის, სადაც წილის 70% რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეს ეკუთვნის, 30% კი შპს „ფერის“. მევლუდ ბლიაძე (70%-იანი წილით) და შპს „ფერი“ (წილების 30%-ით) ფლობენ შილდაჰესის ჰიდროელექტროსადგურს, რომელმაც 2021 წელს გამოიმუშავა 18 მლნ კვტ/სთ-ი ენერგია, რაც არის საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოცულობის 0,1%.
დაბოლოს, არსებობს კომპანია შპს „ფშავი ჰიდრო“, რომელიც ფლობს 1,33 მეგავატი სიმძლავრის სკურდიდი ჰესს. კომპანიის 87%-იან წილს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე რაულ ქურდაძე ფლობს, ხოლო დარჩენილ 13%-ს, ასევე, საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე – ზვიად გუგავა.
ელექტროენერგიის მიწოდებისა და წარმოების გარდა, რუსული კავშირები გამოვლენილია საქართველოს ენერგეტიკის სხვა მნიშვნელოვან სფეროებშიც. კერძოდ, სს „საქრუსენერგო“ ფლობს და აკონტროლებს საქართველოს მნიშვნელოვან ელექტროგადამცემ ხაზებს (მათ შორის, იმ ხაზებს, რომლითაც საქართველო ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს). სააქციო საზოგადოება „საქრუსენერგოს“ 50% საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის, 50% კი რუსული გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემის „ფედერალურ საქსელო კომპანიას“.
მნიშვნელოვანია, რომ „საქრუსენერგო“ ფლობს და ექსპლუატაციას უწევს შემდეგ ელექტროგადამცემ ხაზებს: 500 კვ ეგხ (ელექტროგადამცემი ხაზი) „კავკასიონი”, „ქართლი 1“, „ქართლი 2“, „იმერეთი“, „იმერეთი 2“, „ასურეთი“, „სტეფანწმინდა-მოზდოკი“, „მუხრანი“, „მუხრანის ველი“, „მარნეული-აირუმი“; „გარდაბნის“ 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი; 220 კვ ეგხ „აჭარა“. აღნიშნული სისტემებით „საქრუსენერგო" ექსპლუატაციას უწევს როგორც შიდა სისტემებს, ისე აკავშირებს საქართველოსა და რუსეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს.
ამრიგად, საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში რუსული ბიზნეს კავშირების არსებობა მნიშვნელოვნად საყურადღებოა. მით უმეტეს, რომ ელექტროენერგია ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსია. შემაშფოთებელია ისიც, რომ ელექტროენერგიის სექტორში რუსული ბიზნესების არსებობა შეინიშნება სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ელექტროენერგიის წარმოების, ისე მიწოდების, გადაცემის და ვაჭრობის მიმართულებებში.
ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორი:
IDFI-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ნავთობის ბაზრის ოპერატორებს შორის რუსული კაპიტალის არსებობის შესახებ მწირი მტკიცებულება არსებობს, გარდა ლუკოილისა და გალფისა, რომლებიც იმ კომპანიების ხუთეულში შედიან, რომლებიც საქართველოს საცალო ბაზრის 59%-მდე წილს აკონტროლებენ. ბუნებრივი აირის სექტორში რუსული კაპიტალის არსებობის ნიშნები არ იკვეთება.
„ლუკოილ ჯორჯია“ რუსულ სააქციო საზოგადოება ლუკოილს ეკუთვნის. რუსული „ლუკოილი“ 2022 წლის იანვარში ამერიკის მიერ სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა, რამაც მისი ნავთობპროექტები შეზღუდა. კომპანიის მონაცემებით, ის საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს 57 ბენზინგასამართ სადგურს, მათგან 21 მდებარეობს დედაქალაქ თბილისში. „ლუკოილ ჯორჯია“ წლებია აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. კომპანიის მიერ საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 200 მლნ ლარს აღწევს.
IDFI-ს მოკვლევის მიხედვით, „ლუკოილ ჯორჯიასთან“ დაკავშირებულია საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახელი. ის 2017 წელს იკავებდა ლუკოილის დირექტორის მოადგილის თანამდებობას. ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ ნავთობის ტრანსპორტირების პოტენციურ კორუფციულ სქემებში უშუალოდ ოთარ ფარცხალაძე და ლუკოილი იყო ჩართული.
საქართველოს ნავთობის ბაზარზე კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშე კომპანია „პეტროკას ენერჯი ჯორჯიაა“, რომელიც დაკავშირებულია რუსულ კომპანია „როსნეფტთან“ და ქართველ ბიზნესმენ დავით იაკობაშვილთან. „პეტროკას ენერჯი ჯორჯია“ საქართველოში რამდენიმე მსხვილ კომპანიას აკონტროლებს ნავთობის სფეროში: 1. შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ“ (ფოთის ნავთობტერმინალი), 2. „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ (გალფის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი), 3. „გალფ ავიაცია“.
„ჩენელ (ფოთი) ლიმითედ ენერჯი“ ფლობს შპს „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგის“ (ფოთის ნავთობტერმინალის) 32,67%-ს. ნავთობტერმინალის სხვა დანარჩენი მეწილეები ვირჯინიის კუნძულებზე არიან რეგისტრირებულნი. რაც შეეხება კომპანია “გალფ ავიაციას”, ის საწვავს აწვდის თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებს.
2022 წლამდე „პეტროკას ენერჯი ჯორჯიას“ აქციების 49% ეკუთვნოდა რუსულ როსნეფტს. 2022 წლის მაისში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომთან დაკავშირებით სანქციების პაკეტის დაწესების შემდეგ, „პეტროკასის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ნაკაიძემ რუსული როსნეფტის აქციები შეიძინა, რის შემდეგაც რუსული კომპანიები ან რუსეთის მოქალაქეები კომპანიის მფლობელობაში ამჟამად აღარ არიან წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მფლობელობის ცვლილების შემდეგ, მოგვიანებით, 2022 წელს, უკრაინულ პლატფორმაზე „ომი და სანქციები“ გაჩნდა ჩანაწერი „პეტროკას ენერჯი ჯორჯიას“ დედა კომპანიის ("პეტროკას ენერჯი ინთერნეიშენალ ლიმითედი") და მისი დამფუძნებლის, ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის შესახებ, რომ „მათ მჭიდრო კავშირი აქვთ რუსულ რეჟიმთან“.
თუ გავითვალისწინებთ „ლუკოილ ჯორჯიას“ მესაკუთრეებსა და „პეტროკას ენერჯი ჯორჯიას“ ადრეულ კავშირს რუსეთთან, სამართლიანი ვიფიქროთ, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში რუსული კაპიტალის ზეგავლენა საყურადღებოა.
კომუნიკაციები:
IDFI-ს ინფორმაციით, კომუნიკაციების სექტორში რუსული კაპიტალი დაკავშირებულია ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „ვიონ ჯორჯიასა“ და აღნიშნულ სექტორში ფრიდონ ინჯიას ოჯახის გავლენასთან. პოლიტიკოსი ფრიდონ ინჯია ცნობილია ანტიდასავლური და პრორუსული განცხადებებით. ინჯიას ოჯახის წევრები (შვილი და მეუღლე) საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეები არიან.
ფიჭური საკომუნიკაციო კომპანია „ვიონ საქართველო“ რომელიც, ასევე, ცნობილია მობილური ოპერატორი „ბილაინის“ სახელით, ამჟამად ეკუთვნის ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას, რომელმაც 2022 წელს შეიძინა „ვიონ ჯორჯიას“ 100%-იანი წილი. მანამდე ბილაინი საქართველოს თანამესაკუთრე იყო რუსი სანქცირებული ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი. „ვიონ საქართველოში“ ამ დროისათვის ხილული რუსული კავშირები არ შეინიშნება.
„ვიონ საქართველოს“ გარდა, როგორც ზემოთ ვახსენეთ, კომუნიკაციების სექტორში დიდი გავლენა აქვს ფრიდონ ინჯიას ოჯახს. IDFI-ის მონაცემებით, ფრიდონ ინჯია აკონტროლებს საქართველოში ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 24,19%-ს და ფიქსირებული ინტერნეტ კავშირის ბაზრის 6,2%-ს. კომუნიკაციების სექტორში ინჯიას კომპანიებს მიეკუთვნება: “ახალი ქსელები”, “სისტემ ნეტი“, „CGC“ და „ფოპნეტი.
„ფოპნეტი“ უზრუნველყოფს მომსახურებას საქალაქთაშორისო არხებით თბილისიდან საქართველოს დიდი ქალაქებისა და, აგრეთვე, თბილისიდან რუსეთის, დსთ–ს, ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით. კომპანიის პარტნიორია რუსული კომპანია „ვესტელკომი”, რომელიც, თავის მხრივ, რუსული საკომუნიკაციო კომპანია „როსტელეკომის" შვილობილი კომპანიაა.
გარდა ზემოაღნიშნული კავშირებისა, რუსული კაპიტალი გამოვლინდა სამაუწყებლო კომპანია „R.B.G.“-ში, რომელიც რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ORT) გადაცემების ქართულ თარგმანს უშვებს. კომპანიის მფლობელები რუსეთის მოქალაქე ოლგა მილიევა (90%) და საქართველოს მოქალაქე ირაკლი ადამია არიან (10%). ინჯიას ოჯახისა და „ვიონ საქართველოში“ წარსულში არსებული მკაფიო რუსული ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების სექტორში რუსული მფლობელობის კონცენტრაციის ხარისხი ზომიერად საყურადღებოა.
სასარგებლო წიაღისეული და მინერალური წყლები:
სასარგებლო წიაღისეულისა და მინერალური წყლების სექტორში, IDFI-ის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში სულ ოპერირებს 3,069 ლიცენზიის მფლობელი კომპანია, თუმცა, არსებობს შვიდი ძირითადი კომპანია, რომლებშიც იკვეთება კავშირები რუსულ ბიზნესებსა და რუსეთის მოქალაქეებთან (Institute for Development of Freedom of Information (IDFI), 2023, გვ. 16). ამ კომპანიების რიცხვს მიეკუთვნება: შპს „Rich Metals Group (RMG)“, შპს „კაპიტალ ჯგუფი“, შპს „მეგა ჰოლდინგი“ (თბილცემენტ ჯგუფი), შპს „მინერალური წყალი საირმე“, შპს „IDS Borjomi“, „გრუზვინპრომი“. ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეჯამებულია ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიებთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია და ინფორმაცია კომპანიებთან დაკავშირებული რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული ბიზნესების შესახებ.
უცხოური კაპიტალის მნიშვნელოვანი კონცენტრაცია ნებისმიერ სექტორში, განსაკუთრებით, კრიტიკული მნიშვნელობის სექტორებში (მაგ. ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციის და სატრანსპორტო სექტორებში), ქმნის „სექტორის მიტაცების“ რისკს, რა დროსაც უცხოურ აქტორებს ეძლევათ ეკონომიკური ინსტრუმენტებით, მაგ., ფასებით, მანიპულაციის შესაძლებლობა. აღნიშნული საფრთხე განსაკუთრებით მწვავდება მაშინ, როცა კაპიტალს ფლობენ მტრულად განწყობილი სახელმწიფო აქტორები, ისეთები, როგორიც საქართველოს შემთხვევაში რუსეთია. უცხოური კაპიტალის მნიშვნელოვან კონცენტრაციას შეუძლია გამოიწვიოს მიწოდების ჯაჭვების შეფერხებაც, რამაც შესაძლოა პოტენციურად ზიანი მიაყენოს საზოგადოებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საბაზისო სერვისების მიწოდებას.
სომხეთის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ სექტორებში ჭარბი რუსული კაპიტალის არსებობა აღნიშნული საფრთხის წარმოჩენისთვის კიდევ ერთხელ გამოგვადგება. როგორც ცნობილია, რუსეთი ფლობს მნიშვნელოვან ბერკეტს სომხეთის ენერგოსექტორში, მათ შორის, მფლობელობის ფაქტორის გამო. სომხეთი ბუნებრივი აირის 80%-ზე მეტს რუსეთისგან იღებს. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წელს 2,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 6,1%-ით აღემატება 2021 წელს დაფიქსირებულ იმავე მაჩვენებელს (ARKA News Agency, 2023). ამასთანავე, 2014 წლის თებერვალში, რუსული გაზპრომი ოფიციალურად გახდა სომხეთის გაზის გამანაწილებელი კომპანიის, გაზპრომ სომხეთის, მესაკუთრე.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ყოველთვის მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მფლობელობის ფაქტორის არსებობა სომხეთის გაზის გამანაწილებელ ქსელში რუსეთის ხელში დამატებით ბერკეტს წარმოადგენს აღნიშნული სფეროს მანიპულირებისათვის, მაგალითად, გაზის ფასებით. გაზის ფასი სომხეთში რამდენჯერმე გაიზარდა, რუსეთსა და სომხეთს შორის მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად. ირონიულია, რომ რუსეთმა ფასებით მანიპულაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთმა ევროკავშირისკენ მისწრაფებების შესახებ ხმამაღლა განაცხადა და ფასები მხოლოდ სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შემდეგ დასწია (Terzyan, 2018). გარდა ამისა, 2018 წელს სომხეთმა თაღლითობაში დაადანაშაულა რუსეთის მფლობელობაში არსებული სამხრეთ კავკასიის რკინიგზა, სომხეთის ერთადერთი სარკინიგზო ოპერატორი. რის გამოც რუსეთი სომხეთს აღნიშნული ობიექტის ფუნქციონირების შეჩერებით დაემუქრა (RTVI, 2019).
საქართველოს შემთხვევაში სომხეთთან შესადარისი მდგომარეობა გვაქვს ელექტროენერგიის სექტორში. თუმცა, ენერგოსექტორს, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების სექტორების ჩათვლით, ხელმძღვანელობს და არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი). სემეკი აკონტროლებს ბაზრის დინამიკას, მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის რესურსებზე ტარიფების დაწესებითა და რეგულირებით. ასე რომ, სემეკ-ის არსებობის გათვალისწინებით, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ საქართველოში ტარიფებით მანიპულირება გართულდება. მიუხედავად ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ, სემეკის მსგავსად, სომხეთშიც არსებობს საჯარო მომსახურების მარეგულირებელი კომისია, რომელიც ენერგო ბაზარს აკონტროლებს, თუმცა, მარეგულირებლის არსებობა რუსეთის მხრიდან საფასო მანიპულაციის რისკს ვერ აზღვევს.
საქართველოს შემთხვევაში ელექტროენერგიის სექტორში ეკონომიკური მანიპულაციის რისკი იზრდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსული მფლობელობა და კაპიტალი წარმოდგენილია ელექტროენერგიის სექტორის რამდენიმე მიმართულებაში, ესენია: ელექტროენერგიის წარმოება (მაგ. ხრამჰესი 1, 2), მიწოდება (მაგ. სს. „თელასი“), მომარაგება (მაგ. სს „საქრუსენერგო“) და ელექტროენერგიით ვაჭრობა (მაგ. შპს „ლუქს ენერჯი თრეიდინგი“, ადრე ცნობილი შპს „ინტერ რაო ჯორჯიას“ სახელით). რუსული კაპიტალის არსებობამ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებასა და ელექტროენერგიის ურთიერთდამოკიდებულ სისტემაში შესაძლოა შექმნას ეკონომიკური მანიპულაციის დამატებითი რისკები.
რუსული კაპიტალის არსებობასთან დაკავშირებული საფრთხეების წინააღმდეგ სათანადო ქმედებების განსახორციელებლად, შესაძლოა ვისაუბროთ არსებული საინვესტიციო პოლიტიკის ცვლილებაზე. ერთ-ერთი შესაძლო ცვლილება, რის შედეგადაც შემოდინებულ ინვესტიციებთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასებას შევძლებთ, ე.წ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კონტროლის მექანიზმის დანერგვაა. ამ მექანიზმის შინაარსი ზემოთ უკვე განვიხილეთ. მისი იმპლემენტაციის რამდენიმე მოდელი არსებობს.
საქართველოს შემთხვევაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კონტროლის ინსტრუმენტის შემუშავებისას, ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე ძირითად საკითხს. უპირველეს ყოვლისა, დასადგენია, რა ტიპის ინვესტიციები უნდა გაკონტროლდეს – საჭიროა მხოლოდ რუსეთიდან (ან იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიალურ მთლიანობას) შემოსული ინვესტიციის დისკრიმინაციული შეზღუდვა, თუ მექანიზმის მოქმედების არეალი ყველა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე უნდა ვრცელდებოდეს, მათი წარმომავლობის მიუხედავად. აგრეთვე, დასადგენია ყველა ინვესტიცია უნდა შემოწმდეს, თუ მხოლოდ ისინი, რომლებიც კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სექტორებსა თუ ინფრასტრუქტურებს მიემართება. მესამე ფაქტორი ეხება სამომავლო ინვესტიციების პოტენციურ მოცულობას: შესაძლოა, საჭირო იყოს, რომ შემოწმდეს მხოლოდ ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელთა ღირებულებაც აღემატება წინასწარ დადგენილ ზღვარს. ეს ზღვარი უნდა დადგინდეს რამდენიმე პარამეტრის გათვალისწინებით, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პარამეტრია განხილვა იმისა, შესაძლებელია თუ არა მოცემული ინვესტიციის ღირებულების თანხით კომპანიის გარკვეული წილის (როგორც წესი 10%-იანი წილის) ან კომპანიაში ხმის უფლების მოპოვება. დაბოლოს, საკამათოა ექნება თუ არა ინვესტიციების მაკონტროლებელ ორგანოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურად რისკის შემცველი ინვესტიციების რეტროსპექტული შემოწმების (მაგ., ინვესტიციის განხორციელებიდან ერთ ან სამ წელში შემოწმების) უფლებამოსილება.
ზემოხსენებული მრავალი ნიშნის გათვალისწინებით საქართველოს შემთხვევაში შესაძლოა რეკომენდებული იყოს კრიტიკული მნიშვნელობის სექტორებში რუსული წარმომავლობის ისეთი ინვესტიციების წინასწარი კონტროლი (რეტროსპექტული კონტროლის შესაძლებლობის გარეშე), რომელთა ღირებულებაც საკმარისია იმისთვის, რომ ინვესტიციის განმახორციელებელმა პირმა შეიძინოს კომპანიის აქციების სულ მცირე 10% ან მიიღოს ხმის უფლება.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კონტროლის მექანიზმის დანერგვა ასოცირებულია პოტენციურ, მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგთან. ამგვარი მექანიზმების დანერგვის შემთხვევები ზრდის საკანონმდებლო ბაზასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორია ხელახალი ან ახალი ინვესტიციის განსახორციელებლად, რასაც პოტენციურად უარყოფითი გავლენა ექნება მოკლე ან საშუალოვადიან ეკონომიკურ ზრდაზე. ამდენად, ამ ანგარიშში გამოთქმულია რეკომენდაცია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კონტროლის მექანიზმის შემოღებამდე, შესაბამისმა ორგანოებმა შეისწავლონ აღნიშნულთან დაკავშირებული ეკონომიკური ეფექტები, რეგულირების ზემოთ მოცემული სხვადასხვა ფორმის პირობებში.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნული რეკომენდაციის ასამოქმედებლად, მნიშვნელოვანია გადაიდგას ნაბიჯები ქვემოთ განხილული ორი მიმართულებით.
ეროვნულ დონეზე რამდენიმე ისეთი კონცეპტუალური დოკუმენტი არსებობს, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას აწესრიგებს. მაგალითად, არსებობს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ფუნდამენტური მნიშვნელობის დოკუმენტია საქართველოსათვის, რამდენადაც ის ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინტერესებსა და ხედვას წარმოაჩენს. აღნიშნული დოკუმენტის გარდა, უნდა შემუშავდეს „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“, რომელშიც განხილული იქნება საქართველოს უსაფრთხოების პოტენციური საფრთხეები, მათი მასშტაბი და პოტენციური ზეგავლენა. ამავდროულად, არსებობს რამდენიმე ეროვნული სტრატეგია, რომლებიც ეხება კორუფციასთან ბრძოლას, ფულის გათეთრებას, კატასტროფებთან დაკავშირებული რისკის შემცირებას და ა.შ. (National Security Council, 2023).
ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან ჩანს, რომ აღნიშნულ დოკუმენტებში არ არის ნახსენები საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობელობის ან კაპიტალის კონცენტრაციასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეები. მაგ., ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში საუბარია საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალების არსებობით გამოწვეულ საფრთხეებზე და, აგრეთვე, რუსეთთან დაკავშირებულ ზოგად საფრთხეებზე. მიუხედავად ამისა, რუსეთთან დაკავშირებული რისკების ჩამონათვალი არ მოიცავს ჰიბრიდული ეკონომიკური საფრთხეების მიმოხილვას; დოკუმენტში არც რუსული კაპიტალისა და ბიზნეს მფლობელობის არსებობაა განხილული პოტენციურ საფრთხედ საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. გარდა ამისა, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.
აღნიშნულ დოკუმენტებში რუსეთის საკუთრებაში არსებულ აქტივებთან დაკავშირებული რისკების მიმოხილვას გადამწყვეტი როლი ექნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კონტროლის მექანიზმის შემუშავებისთვის. თუ ასეთი მექანიზმის სამიზნე რუსეთიდან შემოდინებული ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იქნება, რომლებიც კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სექტორებში ხორციელდება, მაშინ ამგვარი დისკრიმინაციული მიდგომა აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს რისკების მიმოხილვას, რომელიც მოცემულია უსაფრთხოების ფუნდამენტურ ეროვნულ დოკუმენტებში.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კონტროლის მექანიზმის დანერგვისთვის, საქართველოში კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის რეფორმის მიღებაა. ამ რეფორმას დიდი მნიშვნელობა ექნება კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ კონსესუსის მისაღწევად და ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის სათანადოდ დასაცავად. ამ ეტაპზე, ქვეყანაში არ არსებობს კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის და მასთან დაკავშირებული სექტორების ერთიანი/კონსოლიდირებული განმარტება. ამის საპირისპიროდ, არსებული განმარტებები მიმოფანტულია სხვადასხვა საკანონმდებლო ბაზაში. ამან შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კონტროლის მექანიზმის დანერგვის პროცესზე, რადგან მის სამიზნეს, ხშირ შემთხვევაში, სწორედ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა და მასთან დაკავშირებული სექტორები წარმოადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის რეფორმის შემუშავების პროცესშია. ეს პროცესი „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს“ ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. თუმცა, ამჟამინდელი გადმოსახედიდან ეს პროცესი შენელებულია. რეფორმის ფარგლებში შემოთავაზებულია, რომ ქვეყანაში დაინერგოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შემომავალი ინვესტიციების კონტროლის სისტემაც. ამგვარად, აღნიშნული რეფორმის განხორციელება, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პირველი რეკომენდაციის შესრულების წინაპირობა იქნება
აქვე მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული რეფორმის მიღების პროცესი ყოვლისმომცველი იყოს და მასში შესაბამისი სპეციალისტებისა და ექსპერტების რეკომენდაციები გაითვალისწინონ. აღნიშნული რეფორმა შესაძლოა სხვადასხვა მასშტაბის იყოს. თუმცა, იმისათვის, რომ რეფორმამ ნდობა გამოიწვიოს, აუცილებელია დაინტერესებული მხარეების ჩართულობის წახალისება მისი დანერგვის პროცესში.
დაბოლოს, აუცილებელია, შეფასდეს ამ კვლევის ფარგლებში რეკომენდებული პოლიტიკის ცვლილებების დანერგვასთან ასოცირებული დანახარჯები. მაგ., მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ინვესტიციების კონტროლის მექანიზმის დანერგვასთან ასოცირებული ხარჯები ხომ არ აღემატება მის პოტენციურ სარგებელს. ამრიგად, რეკომენდაციების მიზანშეწონილობასთან და დასაშვებობასთან დაკავშირებით საჭიროა დამატებითი მოკვლევის ჩატარება.