მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაინგრევა თუ არა საქართველოს ეკონომიკა რუსეთისთვის ორმხრივი ეკონომიკური სანქციების დაწესებით? - IDFI

6475e46858a46
BM.GE
30.05.23 17:01
8402
2006 წელს დაწყებული რუსული ემბარგოს, ხოლო შემდეგ ომის შედეგად რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრმა შემცირებამ, საქართველოს ეკონომიკა არათუ ჩამოანგრია, არამედ როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის დივერსიფიცირებას სერიოზული ბიძგი მისცა. ამ დივერსიფიცირებისთვის შეუცვლელი იყო დასავლური ტექნიკური დახმარება, - ამის შესახებ IDFI-ს ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. გამოქვეყნებულ პუბლიკაციას BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანამ ახალი სავაჭრო პარტნიორები შეიძინა, ხოლო ძველ სავაჭრო პარტნიორებთან ვაჭრობა გაზარდა. "ამ მასშტაბით დივერსიფიცირებას სხვა თანაბარ პირობებში ვერ მივაღწევდით. თუმცა 2013 წლიდან საგრძნობლად იზრდება რუსეთთან ვაჭრობის წილი. ეს გაზრდილ ეკონომიკურ დამოკიდებულებას ნიშნავს, რაც ართულებს დივერსიფიცირების ამოცანას.

ორმხრივი ეკონომიკური სანქციების დაწესება ქვეყნისთვის, ცხადია, მოკლევადიანი შოკი იქნება, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს გაცილებით უფრო პროგნოზირებადი და მომგებიანი ბაზრების ფორსირებულად ათვისებას. ამ დივერსიფიცირების გარეშე კი ვერ მივაღწევთ საშუალოვადიან პერიოდში ხელშესახებ ეკონომიკურ ზრდას.

თუ ერთხელ მოვახერხეთ დივერსიფიცირება, რატომ ვერ მოვახერხებთ ახლა?

ექსპორტის დივერსიფიცირების გამოცდილება

- 2005-2011 წწ. ექსპორტში რუსეთის წილი შემცირდა 17.76%-დან 1.67%-მდე ($117 მილიონით, $153.7 მილიონიდან $36.6 მილიონამდე)

- სანაცვლოდ 2005-2011 წწ. გაიზარდა ექსპორტი:

- აზერბაიჯანთან 9.64%-დან 19.48%-მდე ($342.5 მილიონით, $83.4 მილიონიდან $425.9 მილიონამდე)

- სომხეთთან 4.59%-დან 10.19%-მდე ($183.1 მილიონით, $39.7 მილიონიდან $222.8 მილიონამდე)

- აშშ-სთან 3.09%-დან 6.56%-მდე ($116.8 მილიონით, $26.7 მილიონიდან $143.5 მილიონამდე)

- უკრაინასთან 4.27%-დან 6.46%-მდე ($104.3 მილიონით, $36.9 მილიონიდან $141.2 მილიონამდე)

- 2013 წლიდან კი ექსპორტში რუსეთის წილი 1.97%-დან 2017 წ. 14.49%-მდე იზრდება ($351.1 მილიონით, $46.8 მილიონიდან $397.9 მილიონამდე)

იმპორტის დივერსიფიცირების გამოცდილება

- 2006-2011 წწ. ემბარგოს და ომის გამო რუსეთის წილი იმპორტში შემცირდა 15%-დან 5%-მდე ($167.4 მილიონით, $555.4 მილიონიდან $388.0მილიონამდე)

- სანაცვლოდ 2006-2011 წწ.

- იმპორტში თურქეთის წილი გაიზარდა 14%-დან 18%-მდე ($756.1 მილიონით, $522.6 მილიონიდან $1,278.7 მილიონამდე)

- იმპორტში ჩინეთის წილი გაიზარდა 3%-დან 7%-მდე ($424.4 მილიონით, $103.3 მილიონიდან $527.7 მილიონამდე)

- 2012 წლიდან კი რუსეთის, როგორც მნიშვნელოვანი საიმპორტო ქვეყნის წილი კვლავ იზრდება. 2012-2022 წწ. რუსეთის წილი საქართველოს იმპორტში გაიზარდა 6%-დან 14%-მდე ($1,358.7 მილიონით, $476.9 მილიონიდან $1,835.6 მილიონამდე)

- 2023 წლის იანვარ-აპრილის მონაცემების მიხედვით, კი რუსეთი უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილს იკავებს 14%-იანი წილით ($622.3 მილიონი).

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის ფასი

რუსეთთან გაზრდილმა ვაჭრობამ და რუსული კაპიტალის ინექციებმა (რუსეთის მოქალაქეების ხარჯვა და დეპოზიტები) მოგვცა მოკლევადიანი ფისკალური და მონეტარული ეფექტი, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდას სერიოზული რისკები ახლავს, რაც მნიშვნელოვნად გადაწონის ამ მოკლევადიან ეფექტს, კერძოდ: საერთაშორისო პარტნიორების შერყეული ნდობა: ნდობის შერყევის მიზეზია რუსეთთან ქვეყნის სავაჭრო შუამავლობასთან დაკავშირებული ეჭვები, რის საფუძველსაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს იმპორტის მკვეთრად გაზრდილი მონაცემები აძლევს.

რთულად წარმოსადგენია ქვეყნის ეკონომიკას წლიდან წლამდე ამდენით მეტი საქონელი დასჭირდეს: რეექსპორტი: 2022 წელს 2021 წელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა რეექსპორტი მესამე ქვეყნებში, კერძოდ 87%-ით მეტი მსუბუქი ავტომობილი ($935.4 მილიონიდან $1,756.1 მილიონამდე გაზრდილი იმპორტი), საიდანაც შესაძლოა გარკვეული წილი რუსეთში გაედინებოდეს. 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით რეექსპორტი გაიზარდა 23.3%- ით ($171 მილიონით, $732.8 მილიონიდან, $903.8 მილიონამდე).

62.4%-ით მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები ($823 მილიონიდან $1,336 მილიონამდე გაზრდილი იმპორტი), რაც მესამე ქვეყნებში გაედინება. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთს ნავთობის გასაღებაში ვეხმარებით, იმ დროს როცა სანქციების გამომყიდველები დაკარგეს. 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით რეექსპორტი გაიზარდა 5.3 ჯერ ($43.3 მილიონით, $8.1 მილიონიდან $51.4 მილიონამდე).

43.2%-ით მეტი სატელეფონო აპარატი ($225.9 მილიონიდან $323.6 მილიონამდე გაზრდილი იმპორტი). 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით რეექსპორტი გაიზარდა 18.2 ჯერ ($20.1 მილიონით, $1.1 მილიონიდან $21.2 მილიონამდე).სხვა პროგნოზირებადი და გაცილებით უფრო მომგებიანი ბაზრების ვერათვისება: იმ სტრუქტურული პრობლემების გახანგრძლივება, რის გამოც ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი თუ პრეფერენციული ვაჭრობის რეჟიმების შესაძლებლობებს ვერ ვითვისებთ. როცა ქვეყანა ერთ ალტერნატივას ირჩევს, სხვა ალტერნატივის არჩევის საშუალებას კარგავს. ეს არის ის, რასაც ეკონომიკაში ალტერნატიულ ღირებულებას ეძახიან.

დამოკიდებულების ზრდა უმდაბლესი მოთხოვნების ბაზარზე: რუსეთი მსოფლიოში ყველაზე პოლიტიკურად მოტივირებული და, შესაბამისად, არაპროგნოზირებადი ბაზარია, რომელმაც ათწლეულების მანძილზე უამრავი ქართველი მწარმოებელი „გააზარმაცა“ და სტანდარტები დაუწია, რაც პირდაპირ აისახება ნორმალურ ბაზრებზე ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები