მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტარები საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას ითხოვენ

60660efe2ddd8
BM.GE
01.04.21 22:19
10275
პოლიტიკურ კონსენსუსზე უარის თქმის გამო ევროპარლამენტარები საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერებას მოითხოვენ, - ამის შესახებ თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ“ დაწერა, შემდეგ კი ეს ევროპარლამენტის ვებპორტალზეც გამოქვეყნდა. გამოცემის ცნობით, წამყვანი ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არ დაეთანხმნენ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის შეთავზებულ წინადადებებს და აცხადებენ, რომ ამას მოჰყვება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობის თვალსაზრისით.

„პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას. ევროპარლამენტი, კერძოდ, მოუწოდებს, რომ დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსური დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

გამოცემის მიხედვით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მაკროფინანსური დახმარების მოცულობა, რომელიც საქართველომ ოქტომბერში უნდა მიიღოს, 60 მილიონ ევროს შეადგენს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებაში პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც საქართველოს მმართველ ძალას, ისე დისკუსიაში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს.

„განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას, რომელიც უნდა იყოს პირველი ამ კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის საქმეში“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოსთვის კარგად ცნობილი შვიდი ევროპარლამენტარი:

დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;

მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი;

ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი;

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის წამყვანი წევრი საქართველოს განხრით

სვენ მიკსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხში

მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი უკრაინის საკითხში

პიატრას აუშტრიავიჩიუსი (RENEW, ლიეტუვა), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი ბელარუსის საკითხში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები