პოლიტიკურ კონსენსუსზე უარის თქმის გამო ევროპარლამენტარები საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერებას მოითხოვენ. საქმე ეხება ევროკავშირის მიერ გამოყოფილ მაკროფინანსურ დახმარებას, რომელიც საქართველომ ოქტომბერში უნდა მიიღოს - საუბარია 60 მილიონ ევროზე. ევროპარლამენტარების შესაბამისი წერილი ევროპარლამენტის ვებპორტალზე უკვე გამოქვეყნდა. წამყვანი ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არ დაეთანხმნენ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის შეთავზებულ წინადადებებს და აცხადებენ, რომ ამას მოჰყვება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობის თვალსაზრისით. წერილის თანახმად, პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, მაგრამ მმართველ პარტიას - განსაკუთრებით.
ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადების შეფასებისას "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ევროპა საქართველოს მხრიდან შეურაცხყოფილია.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წერილს ხელს აწერს 7 ევროპარლამენტარი, რომელთა უმრავლესობა საქართველოს დიდი მხარდამჭერი და მეგობარია, რაც ძალიან საყურადღებოა, რადგან მათ ევროპარლამენტში საკმაოდ მაღალი თანამდებობები უჭირავთ.
აქვე პოლიტოლოგი ხაზს უსვამს იმას, რომ "თუკი საქართველოს მხარდამჭერი დეპუტატები აქვეყნებენ ასეთ კრიტიკულ წერილს, ნაკლებად მხარდამჭერები სიამოვნებით მოაწერენ მას ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაციის გამოსწორება ქვეყანას ძალიან გაუჭირდება.
„ამ ადამიანებს აქვთ გავლენა. თუ ჩვენი უახლოესი მხარდამჭერი დეპუტატები აცხადებენ, რომ შესაძლოა, საქართველოს შევუჩეროთ ევროკავშირის მაკროფინასური დახმარება, რომელიც ქვეყანას კოვიდის შედეგების დასაძლევად გამოეყო და ასევე ითხოვენ მომავალი დახმარების პაკეტის მეტი პირობით აღჭურვას, ეს ძალიან ცუდია. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საუბარია იმაზეც, რომ დეპუტატები, რომლებიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას უჭერდნენ მხარს, ახლა საერთოდ ევროპულ მისწრაფებებს აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. არ მინდა, დრამატიზება მოვახდინო, თუმცა გამორიცხული არ არის, ამ დეპუტატებმა მოამზადონ რეზოლუცია და მომავალში ის მიიღოს ევროპარლამენტმა“, - ამბობს bm.ge-სთან კახა გოგოლაშვილი.
ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური ისტებლიშმენტი ვერ აცნობიერებს უფრო ფართო ამოცანებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას და მთელი პოლიტიკური სპექტრი შიდა გარჩევებსა და კინკლაობაში მოექცა.
"პოლიტიკურ ნარცისიზმს აქვს ადგილი - იმაზე ფიქრობენ, როგორი მაგრები და პრინციპულები არიან, ვნახოთ, ვინ ვის აჯობებსო... ასეთი მიდგომა აქვთ. არ აქცევენ ყურადღებას საერთაშორისო კონტექსტს, ტრენდებს, საით მიდის ქვეყანა და ა.შ. ევროკავშირის, აშშ-ის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური დახმარება რომ არა, ისედაც საშინელ მდგომარეობაში მყოფი ეროვნული ვალუტა უარეს დღეში იქნებოდა“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა და დასძინა, რომ "დღეს სწორედ მათი დახმარებებით ვარსებობთ".
კითხვაზე - ევროპარლამენტარების წერილს ექნება თუ არა გავლენა 2024 წელს საქართველოს განაცხადზე ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ აუცილებლად ექნება. კახა გოგოლაშვილის შეფასებით, ევროპაში საკმაოდ შეურაცხყოფილნი არიან იმით, რომ ბევრს აკეთებენ საქართველოსთვის და ამ დროს კრისტიან დანიელსონს თავისი წინადადებები, პრაქტიკულად, თავზე გადაახიეს, შარლ მიშელს ყური არ ათხოვეს და ყოველგვარი მორიდების გარეშე თქვეს, რომ დათმობაზე არ წავიდოდნენ.
"ისინი თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ და ამან, შეიძლება, საქართველოს მომავალზე გავლენა მოახდინოს. თუკი საქართველოში სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერით კრიზისი არ გადაწყდა, ეს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. მოკლედ, თუ კრიზისი არ დასრულდა, ქვეყანა დიდ დარტყმას მიიღებს და EU-ში განაცხადის შესატანად მზად არ ვიქნებით“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
სად არის გამოსავალი? - ამ კითხვაზე პასუხად კი ანალიტიკოსმა თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ევროპული ინტეგრაციის მომხრე მოსახლეობის და სამოქალაქო სექტორის აქტიურობა. "საჭიროა, მეტი ზეწოლა როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზე, რომ ქვეყანას სურს ევროპული ინტეგრაცია; ჩვენი საზოგადოება რომ კარგად იყოს ჩამოყალიბებული, ეს ხალხი უნდა გამოვიდეს და დაანახოს ყველას, რომ ევროინტეგრაციისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.