მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული წლის მსგავსი შეზღუდვების შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუარესდება - Galt&Taggart

607f035e6dc08
ანუკა ჯოხაძე
20.04.21 21:28
746
ვაქცინაციის ნელი პროცესი და ტურიზმის დაყოვნებული აღდგენა 2021 წელს ეკონომიკური ზრდის მოლოდინებს აუარესებს - ამის შესახებ საკონსულტაციო კვლევითი კომპანია Galt&Taggart-ის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებულ ეკონომიკის მიმოხილვაშია ნათქვამი. მათი პროგნოზით, 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა 3.6%-ით აღდგება.

როგორც Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი ამბობს, 2021 წლის დასაწყისში ბევრად უფრო ოპტიმისტური პროგნოზები კეთდებოდა, რადგან ვაქცინაციის დაწყების მოლოდინი არსებობდა. ასევე იყო მოლოდინი იმისა, რომ სახმელეთო საზღვრები გაიხსნებოდა, რაც ტურიზმის აღდგენაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა. თუმცა ბოჭორიშვილის განმარტებით, არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა დამატებითი შეზღუდვების დაწესება მოხდეს, რაც პოზიტიურ პროგნოზებს პესიმისტურისკენ ცვლის.

“სახეზეა მესამე ტალღის ნიშნები, ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა საჭირო იყოს დამატებითი შეზღუდვები.  წელს ეკონომიკური ზრდის ორი სცენარი გვქონდა: 5%-იანი ზრდა, რომელიც ითვალისწინებდა ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენას და მეორე უფრო პესიმისტური სცენარი - 3,6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, ჩვენი ნეგატიური პროგნოზის მოხდენის ალბათობა გაიზარდა, იქიდან გამომდინარე რომ საქართველოში ვაქცინაციის ტემპი ძალიან დაბალია. შესაბამისად ტურიზმის აღდგენაზე საუბარი ჭირს. აქედან გამომდინარე უფრო რეალისტურია პესიმისტური სცენარი, რომელიც 2021 წელს 3,6%-იანი ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს", - აცხადებს Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი.

კითხვაზე არის თუ არა 3,6%-იან ეკონომიკური ზრდის პროგნოზში გათვალისიწინებული მოსალოდნელი შეზღუდვები, ბოჭორიშვილი პასუხობს რომ არა. მისი თქმით, პროგნოზი კიდევ უფრო შემცირდება თუ გასულ წელს დაწესებული შეზღუდვების მსგავსი აკრძალვები ქვეყანაში კვლავ ამოქმედდება.

“დამატებით ხელახალი ჩაკეტვა 3,6%-იანი ზრდის პროგნოზი არ ითვალისწინებს. მაგალითად უქმე დღეებს, რომელიც ზამთარში რომ დავითვალეთ თითო უქმე დღეზე ეკონომიკა 16 მილიონს კარგავდა. შესაბამისად ეს თანხა დააკლდება არსებულ ეკონომიკურ პროგნოზს. გააჩნია რა პერიოდით გაგარძელდება ჩაკეტვები, შეიძლება 2%-მდეც კი ვივარაუდოთ ეკონომიკური ზრდის შემცირება, თუ ისეთი შეზღუდვები იქნება, როგორიც წინა წელს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკა არ ჩაიკეტოს და წესების დაცვით გაგრძელდეს საქმიანობა", - აცხადებს Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი.