მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში "რედკოს დასახლებას" წყალმომარაგება აღუდგა, ბაკურიანში კი წყლის მიწოდებისთვის სამუშაოები გრძელდება

5e122468e7571
შოთა ტყეშელაშვილი
05.01.20 21:55
2214
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს ზამთრის კურორტებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, გუდაურში წყლის მიწოდების ქსელში არსებული ხარვეზები აღმოფხვრილია, ბაკურიანში კი ტექნიკური სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

"ამ დროისათვის, „რედკოს დასახლებას“ წყლის მიწოდება აღუდგა. დასახლების წყალმომარაგების შეფერხება დღეს, 200 მილიმეტრიანი მილის დაზიანებამ გამოიწვია.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და შესაბამისი სამსახურები სასმელი წყლის სისტემის დაზიანების აღმოსაფხვრელად მუდმივ რეჟიმში მუშაობდნენ. სათავო ნაგებობის წყლის მარაგის შესავსებად დამატებითი მილის გაყვანის და წნევის რეგულირების სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოების განხორციელებას ართულებდა ღამის საათებში გაუარესებული კლიმატური პირობები. დღის განმავლობაში „რედკოს დასახლების“ 5 კორპუსის ავზების წყლით შევსება კომპანიის სპეციალური, დიდ ტონიანი წყალმზიდებითა და სახანძრო მანქანების საშუალებით ხდებოდა. დანარჩენი 3 კორპუსის მომარაგება წყლით ვერ ხერხდებოდა, ვინაიდან ეს კორპუსები არ არიან უზრუნველყოფილნი წყლის ავზებით.

რაც შეეხება ბაკურიანს, წყალმომარაგების მხრივ შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია, როგორც სახანძრო, ისე კომპანიის ცისტერნები. ტექნიკის ნაწილით წყლით მუდმივად მარაგდება ის სასტუმროები, რომლებსაც გააჩნიათ ავზები, ნაწილით კი ხდება სათავე რეზერვუარის შევსება.

ბაკურიანში წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს ,,რუმსს’’ ,,მგზავრებს’’ და ,,პანორამას’’, ასევე წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს,"- ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები