მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იგეგმება თუ არა უნივერსიტეტებში სწავლების ონლაინ რეჟიმში წარმართვა?

5e67bf43b57b9
ნუცა ბაზლიძე
10.03.20 20:40
6658
კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აქტიურად განიხილება უნივერსიტეტებში სწავლის ონლაინ რეჟიმზე გადასვლის საკითხი. BM.GE დაინტერესდა, იგეგმება თუ არა უნივერსიტეტებში ამ მხრივ კონკრეტული ცვლილებები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინ რეჟიმზე გადასასვლელად სამზადისი მიმდინარეობს. როგორც თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსგან დამატებით რეკომენდაციებს ელოდებიან, რომელიც კვირის განმავლობაში ქვეყანაში ეპიდსიტუაციის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. პარალელურად კი, ონლაინ რეჟიმზე გადასასვლელად საჭირო დეტალები მუშავდება. მათ შორის, მოიაზრება სხვადასხვა კურსის ფარგლებში მასალები, პრეზენტაციები, ვიდეოჩანაწერები.

„ინტენსიურად მიმდინარეობს მზადება სასწავლო კურსებში ელექტრონული კომპონენტების დამატების თაობაზე. ამასთან, სწავლის დაწყებამდე სტუდენტებს მივაწვდით ინსტრუქციებს, მათ შორის ვიდეოგაკვეთილებს, თუ როგორ უნდა ჰქონდეთ მათ წვდომა საგანმანათლებლო რესურსებზე“, - აღნიშნავენ თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

16 მარტიდან დისტანციური სწავლება იგეგმება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. ამ შემთხვევაში პროცესი „არგუსის“ სისტემით იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნულის შესახებ BM.GE-ის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობის მითითებას ელოდებიან თავისუფალ უნივერსიტეტშიც. 

„ვფიქრობ, საქართველოში არც ერთი უნივერსიტეტი არაა მზად, სრულად გადავიდეს ონლაინ სწავლებაზე. მაგალითად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სტუდენტები, რომლებიც ლაბორატორიულ კვლევებს ატარებენ. მათთვის ამ კომპონენტში დისტანციური სწავლება შეუძლებელია. ასევე, შეუძლებელია გამოცდის დისტანციურად ჩატარება, რადგან პლაგიატის რისკიც იზრდება. ჩვენ დაველოდებით რას გადაწყვეტს მთავრობა და შესაბამისად, ვიმოქმედებთ. გვაქვს რესურსი, რომ ნაწილობრივ მაინც ჩავატაროთ ლექციები დისტანციურად”, - აღნიშნავს თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი ბექა კოკაია BM.GE-სთან საუბრისას.

ანალოგიური კითხვით BM.GE-მ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსაც მიმართა. როგორც კსუ-ის ვიცე-კანცლერმა ნინო ჩუბინიძემ აღნიშნა, უნივერსიტეტმა ამ მხრივ, წინასწარი სამუშაოები ისედაც ჩაატარა, ვირუსის ფონმა კი ეს პროცესი დააჩქარა. შესაბამისად, კსუ-ში სწავლების ონლაინ რეჟიმში წარმართვა არის გათვალისწინებული.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელიწადზე მეტია ნერგავს ონლაინ სწავლებას და ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მოდელი შემუშავებული გვქონდა. ონლაინ სწავლების შესახებ კსუ-ის შიდა ნორმატიული დოკუმენტები მომზადებულია. გაკეთებული გვაქვს ლექციების აუდიო და ვიზუალური ჩანაწერები. ონლაინ სწავლების ხელშეწყობის ჯგუფები შექმნილია როგორც პროფესორების, ასევე სტუდენტების თანამონაწილეობით. მობილიზებულია, IT დეპარტამენტი, ადმინისტრაცია. ჩვენი გეგმაა 2-6 მეცადინეობა გვქონდეს მზად“, - აღნიშნავს ნინო ჩუბინიძე.

მისივე განმარტებით, კსუ სემინარების ონლაინ რეჟიმში წარმართვისთვის WebEx-ს იყენებს, ხოლო ლექციების ჩასაწერად პროგრამა Camtazia-ს. ასევე გათვალისწინებულია ელექტრონული სწავლების სისტემა “გონი”. მისივე განმარტებით, დაგეგმილია შეხვედრა ltd Guide Tool-თან, რაც 1 აპრილიდან Uni-Voice-ის ეკოსისტემასთან უნივერსიტეტის სავარაუდო შეერთებას უკავშირდება.