გამოცემის ცნობით, Eurasia Group- ის დამფუძნებელი იან ბრემერი გამომწერებთან გაგზავნილ წერილში წერს, რომ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა უთხრა, რომ პუტინმა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა იმ პირობით დაადასტურა, თუ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად დარჩება და უკრაინა ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიას აღიარებს.
იან ბრემერის ინფორმაციით, პუტინმა მასკს უთხრა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზნები ყველაფრის მიუხედავად მიღწეული იქნება, მათ შორის პოტენციური ბირთვული იარაღის გამოყენება, თუ უკრაინა ყირიმში შეიჭრება. მასკის პასუხი კი შემდეგნაირი იყო: „მოვლენების ამ სცენარით განვითარება ყველა შესაძლო გზით თავიდან უნდა იყოს აცილებული“.
აღნიშნული ინფორმაცია ილონ მასკმა უარყო. მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ პუტის მხოლოდ 18 თვის წინ ესაუბრა და სიმართლე არ არის ინფორმაცია, რომ იგი „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ილონ მასკმა "უკრაინის სამშვიდობო გეგმა“ გაავრცელა,რაც ხერსონში, ზაპოროჟიეში, ლუგანსკსა და დონეცკში გაერო-ს ზედამხედველობით რეფერენდუმის ხელახლა ჩატარებას, ყირიმის რუსეთის ნაწილად დატოვებას და უკრაინის ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას ეხებოდა. აღნიშნულ ფაქტს უკრაინის ლიდერების, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის, მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.




























