კომპანია “იმერეთი გრინერის” დირექტორმა დირკ ალევენმა BMG-ის განუცხადა, რომ კომპანიის მეწილის “საპარტნიორო ფონდის” მიერ “იმერეთი გრინერიში” გადახდისუუნარობის საქმის დაწყება გაასაჩივრეს. მისი თქმით, შესაბამისი საჩივარი ქართულ სასამართლოში არის შესული. ამასთან, “იმერეთი გრინერის” ჰოლანდიური მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ კომპანიაში გადახდისუუნარობის საქმის დაწყების საჭიროება საერთოდ არ დგას. “საპარტნიორო ფონდი” კომპანიის 37.65%-იან წილს ფლობს, დანარჩენი 62.35%-იანი წილი კი ჰოლანდიაში რეგისტრირებულ კომპანია Georgian Fresh Holding B.V-ის ეკუთვნის.
დირკ ალევენის თქმით, “იმერეთი გრინერი” ამჟამადაც განაგრძობს ქართული ბაზრისთვის განკუთვნილი პომიდორისა და სალათის ფურცლის წარმოებას.
"კომპანია აწარმოებს პომიდორსა და სალათის ფურცელს. ჩვენ, კომპანიის ჰოლანდიური მეწილეები, კრედიტორები და მენეჯმენტი მოწოდებული ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი და უსაფრთხო ბოსტნეული და შევინარჩუნოთ კარგი სამუშაო ადგილები სამტრედიის რეგიონში.
რაც შეეხება გადახდისუუნარობის საქმეს, გიდასტურებთ, რომ ეს საქმე დაიწყო. კომპანიამ ის ქართულ სასამართლოში უკვე გაასაჩივრა. ვერ ვხედავთ ვერავითარ საფუძველს იმისთვის, რათა გადახდისუუნარობის საქმე დაიწყოს და პოზიტიური მოლოდინით ვართ განწყობილი კომპანიის მომავალთან დაკავშირებით. ჩვენს არცერთ კრედიტორს არ სურს, “იმერეთი გრინერი” გაკოტრების რეჟიმში იხილოს. ვინარჩუნებთ მოლოდინს, რომ ამ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება მოხდება და კომპანიაში სამუშაო ადგილები შენარჩუნდება.
ჩვენ კვლავ ვაწარმოებთ პროდუქციას - პომიდორსა და სალათის ფურცელს. ამისთვის შესაბამისი ადამიანური და კაპიტალური რესურსებიც დავხარჯეთ. ვერ გეტყვით თუ რატომ დაიწყო “საპარტნიორო ფონდმა” გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ეს მათ უნდა განმარტონ,” - აღნიშნავს დირკ ალევენი.
"იმერეთი გრინერის" პროექტი ფონდმა 2016 წელს დააფინანსა, სასათბურე მეურნეობა ძირითადად ბოსტნეულის წარმოებით იყო დაკავებული. პროექტის მთლიანი ინვესტიცია $4.8 მილიონი იყო, აქედან 1.2 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიცია საპარტნიორო ფონდისგან მომდინარეობდა.
"იმერეთი გრინერი "საპარტნიორო ფონდისა“ და ჰოლანდიური კომპანია „Food Venture“-ის ერთობლივი პროექტია. ასევე, პროექტის პარტნიორები არიან ჰოლანდიური კომპანია „Food venture B.V“, მამუკა ხაზარაძის ბიზნესჯგუფი და Georgian Fresh holding B.V, რომლებმაც სასათბურე მეურნეობის განვითარების ოპერირების მიზნით, „შპს იმერეთი გრინერი" დააფუძნეს," - ნათქვამია საპარტნიორო ფონდის ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციაში. ვებგვერდის თანახმად, კომპანიაში 50-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.
BMG-იმ ამ საკითხის შესახებ კითხვებით საპარტნიორო ფონდსაც მიმართა, მათ პასუხს მკითხველს მიღებისთანავე შევთავაზებთ.
“იმერეთი გრინერიში” გადახდისუუნარობის საქმის წარმოება 2021 წლის 24 მარტს დაიწყო.
"სს „საპარტნიორო ფონდის“ (ს/ნ 404404550) წარმომადგენლის განცხადება შპს „იმერეთი გრინერის“ (ს/ნ 404389666) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, მიღებული იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.
შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება", - ნათქვამია სასამართლოს განჩინებაში.
საკითხთან დაკავშირებით BMG-ისთან კომენტარი გააკეთა პარტია ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, “იმერეთი გრინერიში” დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესი ხელოვნურად არის მოტივირებული.
„სამწუხაროა, რომ არამარტო „იმერეთი გრინერს“, არამედ ყველა იმ პროექტს და კომპანიას, სადაც მე და ბადრი ჯაფარიძე ვმონაწილეობდით, ხელოვნური პრობლემები აქვს შექმნილი. მაგალითად, „ლისი დეველოპმენტი“ - სამი წელია მიმდინარეობს „ლისი დეველოპმენტსა“ და მთავრობას შორის ვითომ კომუნიკაცია. წელიწადში ერთი შეხვედრა ინიშნება და ამ დრომდე კომპანია ვერ აგრძელებს ნორმალურ საქმიანობას. გასაგებია, რომ პოლიტიკური ბრძოლა გადადის ყველაფრის განადგურებაში. ასევე, იცით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიც რა მდგომარეობაშია და ახლა დაემატა „იმერეთი გრინერი“.
კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, 2019 წელს “იმერეთი გრინერიმ” ბოსტნეულის რეალიზაციიდან 1.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.