უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰესის ნგრევის გამო, არის თუ არა რაიმე ტიპის ინფექციის გავრცელების საშიშროება შავ ზღვაში? - ამ შეკითხვას BMGDRIVE-ს ეთერში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს.
მისი განმარტებით, ამ დროის მონაცემებით, რაიმე ინფექციური დაავადების გაზრდილ რისკზე საუბარი ნაადრევია.
„ცხადია, უკრაინაში ამ მხრივ სერიოზული სიტუაცია შეიქმნა, გადაირეცხა ნაგავსაყრელები, ასევე ჩაირეცხა ცხოველების გვამები და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ინფექციების გავრცელების კუთხით დიდი პრობლემაა, მაგრამ რეალურად იქ სიტუაციის ნამდვილი შეფასება არ გვაქვს, იქ, ადგილზეც არ ვიცით, რა ხდება.
ამ მდგომარეობით, ზღვის წყლის დაბინძურების ხარისხის შემოწმების შედეგების მიხედვით, განსაკუთრებული არაფერი ხდება სხვა წლებთან შედარებით. წინასწარ იმის თქმა, თუ რას წამოიღებს ნაკადები, რა კონცენტრაციით იქნება ბაქტერიები, შექმნის თუ არა ინფექციის გავრცელების საშიშროებას - შეუძლებელია.
რა თქმა უნდა, გარკვეული რისკი არსებობს, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით, რაიმე გაზრდილ ინფექციურ დაავადების რისკზე საუბარი ნაადრევია“, - ამბობს მაია ბუწაშვილი.
საზოგადოებას აინტერესებს ისიც, თუ რამდენად არსებობს საქართველოში შესაბამისი სიმძლავრის ლაბორატორია, რომელიც ზღვის წყლის ხარისხს შეამოწმებს. ინფექციონისტის განმარტებით, ამას განსაკუთრებული ტექნოლოგიები არ სჭირდება.
„წყლის ბაქტერიოლოგიური შემოწმება სტანდარტული, კლასიკური მეთოდია, ამ მხრივ პრობლემა არ დგას“, - აღნიშნავს ის.
შეგახსენებთ, უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰესის კაშხალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო მოქცეული, 6 ივნისს დაინგრა. კაშხლის ნგრევამ მასშტაბური წყალდიდობა და ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. გაჩნდა საფრთხე, რომ ნავთობის ჩაღვრამ, შესაძლოა, შავი ზღვის დაბინძურება გამოიწვიოს, შესაბამისად, ადამიანები წელს შავი ზღვისპირეთში დასვენებაში გარკვეულ რისკებს ხედავენ.