მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იქნება თუ არა დაანონსებული ფრენები ნამდვილად რეგულარული? - თურნავა BMG-ს პასუხობს

5f8e9b4f5fdb7
ინგა მურუსიძე
20.10.20 12:08
1057

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ირწმუნება, რომ დაანონსებული ავიარეისები ნამდვილად რეგულარული იქნება, თუმცა დარჩება ჩარტერებიც.

როგორც ცნობილია, 1 ნოემბრიდან მთავრობა საჰაერო სივრცის ნაწილს ხსნის და ავიაკომპანიები არსებული და ზოგიერთი ახალი მიმართულებითაც იფრენენ. BM.GE-მ ეკონომიკის მინისტრს კითხა, 1 ნოემბრიდან გახსნილი ავიარეისები და დაგეგმილი მიმართულებები ნამდვილად რეგულარული იქნება, თუ ავიაკომპანიებს თითოეულ რეისს მთავრობა განუსაზღვრავს?

„ეს იქნება რეგულარული ნამდვილად, რომელიც განსხვავდება ჩარტერული ფრენისგან იმით, რომ მისი მოქნილად დაგეგმვა შეიძლება, თითოეულ ჩარტერულ რეისს ჩვენ გვითანხმებს კომპანია. რაც შეეხება რეგულარულს, ერთხელ თანხმდება თვის განმავლობაში და მთელი თვე იმ გრაფიკით დაფრინავენ. ჩარტერულ ფრენებს რაც შეეხება, ეს დარჩება, რადგან კვირაში რამდენჯერმე ჩვენ იმ სტუდენტებისთვის ვახორციელებთ რეისებს, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან. შემდეგ უნივერსიტეტი ზრუნავს მათ კარანტინზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ ფრენები გაიხსნას ეტაპობრივად მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიმართულებით, თუმცა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით.

როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, ნოემბრიდან რეგულარული ფრენები გაიხსნება ძირითადად ევროპის მიმართულებით.

„ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს და ეს არის მთელი რიგი ევროპული მიმართულებები, მათ შორის ისეთებიც, სადაც აქამდე ჩარტერები სრულდებოდა. ასევე სადაც ფრენები ტრადიციულად ხორციელდებოდა - მიუნხენი, პარიზი და რიგა, აქ ჩვენ ავიაკომპანიებს შევთავაზეთ გაზარდონ სიხშირეები. ხოლო რა შეეხება დანარჩენ მიმართულებებს - ამსტრედამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვილნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე, მილანი - ამ მიმართულებით შესაძლებელი იქნება დაიწყონ ფრენები ავიაკომპანიებმა, ვინც აქამდეც დაფრინავდა.

რაც შეეხება ფრენების სიხშირეებს და ა.შ. ეს დამოკიდებულია ავიაკომპანიების კომერციულ მდგომარეობაზე და ჩვენს მიდგომებზე, რადგან ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ავიარეისების ეტაპობრივი გახსნა მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები