კლინიკა „მედიქლაბჯორჯია“ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა დატოვა. „მედიქლაბჯორჯია“ საყოველთაო ჯანდაცვის პროვაიდერი აღარ არის", - ინფორმაცია bm.ge-ს თავად კლინიკის დამფუძნებელმა დიმიტრი მახათაძემ დაუდასტურა.
ჟურნალისტის კითხვას - ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება 1-ელი ნოემბრიდან დაფინანსების DRG-მეთოდის შემოღებას, დიმიტრი მახათაძემ უარყოფითი პასუხი გასცა.
"ცალსახად, შემიძლია გითხრათ, რომ DRG სისტემის ამოქმედება ჩვენი გადაწყვეტილების განმსაზღვრელი არ იყო; უბრალოდ, ვადებში დაემთხვა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლაზე ჩვენ ადრე გავაკეთეთ განაცხადი; შესაბამის სახელშეკრულებო პირობებს თავისი ვადები ჰქონდა და ეს ყველაფერი დროში ერთმანეთს დაემთხვა“, - ამბობს კლინიკის დამფუძნებელი.
მისივე განმარტებით, ამ დრომდე კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ორი ძირითადი მიმართულებით იყო ჩართული. ესაა: ონკოლოგია და ტრავმატოლოგი.
„ჩვენ ვიყავით პროგრამის პროვაიდერები. გარკვეულწილად ბოლო წლებში ჩართულობა მინიმალური იყო. ჩვენი კლინიკა არ არის იმ მასშტაბის, რომ მნიშვნელოვანი წილი დაეკავებინა, თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებისთვის, რადგან ზოგადად, ჩვენი სამედიცინო სერვისები საკმაოდ სპეციფიკურ, მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს წარმოადგენს. შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებთან იმ უმნიშვნელო წილის თუ ურთიერთობის რაოდენობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ის პასუხისმგებლობები, რომელიც ამ ყველაფერს მოჰყვება, დღევანდელ პირობებში საყოველთაოობას ვერ უზრუნველყოფს“, - განაცხადა მახათაძემ.