მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულების ამოქმედება შესაძლოა გადავადდეს - ჯანდაცვის ასოციაციის წევრი

მარინა დარახველიძე

ჯანდაცვის ასოციაციის წევრი, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დეკანი მარინა დარახველიძე არ გამორიცხავს, რომ კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულების ამოქმედება გადავადდეს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა 2025 წლის იანვრამდე უნდა მოასწრონ. მარინა დარახველიძემ პროცესის მიმდინარეობის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

„[გადავადებაზე] მტკიცებით ფორმაში საუბარი გამიჭირდება, ზეპირსიტყვიერად გვაქვს ეს ინფორმაცია გაგებული. მოგეხსენებათ, აკრედიტაცია ერთ და ორ თვეში არ მიიღწევა, მუდმივი პროცესია, იმპლემენტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდება, რომ სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომელი იყოს ჩართული აკრედიტაციის პროცესში, რადგან ეს აკრედიტაციისთვის აუცილებელი პირობაა. არ გაგვიკვირდება, შესაძლებელია გადავადებაც მოხდეს უბრალოდ იმისთვის, რომ მზაობის პროცესი, რომელიც ჯანდაცვის სექტორმა გამოხატა, არ შეაჩერონ, არ მოხდეს სერვისის მიწოდების კოლაფსი. მოგეხსენებათ, ზოგიერთ რაიონში მხოლოდ ერთი კლინიკაა. ამ პროცესმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავარს, სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ამიტომ დაველოდოთ, როგორ განვითარდება პროცესები“,- აღნიშნა მან.

მისივე თქმით, პროცესში ასოციაციის წევრი კლინიკების აბსოლუტური უმრავლესობაა ჩართული.

„ბევრმა კლინიკამ არა მხოლოდ აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო, განმეორებითი აკრედიტაციაც კი გაიარა. კლინიკები უკვე კმაყოფილებას გამოხატავენ იმიტომ, რომ საკუთარ თავზე გამოცადეს აკრედიტაციის პროცესები. ეს ხარისხის განვითარების ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია“,- განმარტა მარინა დარახველიძემ.

მან პროცესში კლინიკების ფინანსურ დანახარჯებს საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ერთგვარი ინვესტიცია. მისივე თქმით, ამას პაციენტების ჯიბიდან გადახდებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.

„აკრედიტაციის მოპოვება და კლინიკაში უწყვეტად დანერგვა რასაკვირველია რესურსებს საჭიროებს, თუმცა ეს არ იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობის რესურსები, რომელმაც ძლიერი გავლენა მოახდინა კლინიკების ფინანსურ მდგომარეობაზე. ეს არის დიდი ინვესტიცია, რომელიც თანდათანობით უკან დაუბრუნდებათ. არ მგონია, რომ აკრედიტაციაზე დახარჯულმა რესურსებმა პაციენტების ჯიბიდან გადასახდელ ფულზე ან გაყიდულ სერვისზე მოახდინოს მნიშვნელოვანი გავლენა. ეს პირველი საფეხური იყო. შესაძლოა, ყველაზე მეტი რესურსი ახლა დაიხარჯა, მაგრამ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო და უფრო ნაკლებ რესურსს მოითხოვს. აკრედიტაცია ხომ უწყვეტია და ყოველ 3 წელიწადში ხელახლა მიღებას მოითხოვს“,- განაცხადა ჯანდაცვის ასოციაციის წევრმა.

საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულება კლინიკებს 2025 წლიდან აქვთ, საერთაშორისო აკრედიტაცია მკურნალობის, პაციენტის მოვლის, მასთან კომუნიკაციის სხვა მსოფლიო სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობს. პროცესი კლინიკებმა უკვე დაიწყეს და ხარისხის ახალ სტანდარტზე მოსარგებად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ხელშეკრულებები გააფორმეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები