პირველადი ჯანდაცვა ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთ სუსტ რგოლად განიხილება. რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ 2021 წელს დაიწყო, ოჯახის ექიმის როლის გაძლიერებას და სამედიცინო საჭიროებების უფრო ეფექტიან მართვას გულისხმობს.
მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ბოლო წლებში მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებში ხვდება, დარგის სპეციალისტების შეფასებით, ოჯახის ექიმის ინსტიტუტი და საერთოდ პირველადი ჯანდაცვა დღემდე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ მთავარ სისუსტედ რჩება.
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დეკანის მარინა დარახველიძის შეფასებით, პროგრესი ამ მიმართულებით რთულად შესამჩნევია. მისი თქმით, მოსახლეობის ნდობის გამყარება პირველადი ჯანდაცვის მიმართ როგორც ჩანს უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე ჯანდაცვის სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
„ჩვენ სხვა ბექგრაუნდის ქვეყანა ვართ, საბჭოთა წარსულიდან მოვდივართ, ჯერ კიდევ მყარია მახსოვრობა იმ ჯანდაცვის სისტემის. განვითარება უფრო ევოლუციური გზით მიდის როგორც ჩანს, ვიდრე რევოლუციური, რაც მოსახლეობას ნაკლებად ამახსოვრდება. ხანდახან ვერც ამჩნევს ამ ცვლილებებს, მით უმეტეს თუ ეს ცვლილებები საკმაოდ ნელია.
არაერთ ჯანდაცვის რეფორმას მოვესწარით ამ ბოლო ათეული წლების განმავლობაში, ამიტომ ცოტა რთულად მიმდინარეობს ეს საკითხი, თუმცა თუ შევადარებთ პირველად ჯანდაცვას 90-იან წლებს, ამ შემთხვევაში პროგრესს დავინახავთ, თუმცა უახლოესი წლების პროგრესი ძალიან რთული აღსანიშნია.
ამდენად როცა ხელშესახებ ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, აქ კომპლექსური მიზეზები უნდა განვიხილოთ და არა ერთი კონკრეტული მიზეზი. ბევრჯერ დაიწყო რეფორმა და არ შემიძლია ვთქვა, რომ რომელიმე პროექტს არ ჰქონდა დადებითი მხარე, მაგრამ უფრო იმპლემენტაციის პროცესს აქვს ხარვეზები. ნელა მიმდინარეობს, ჩვენს მოსახლეობას კიდევ მოთმინება არ ჰყოფნის.
ის ნეგატიური მახსოვრობა, თავის საქმეს აკეთებს და რწმენის შეცვლა, მოსახლეობის ქცევის შეცვლა და ნდობის გამყარება პირველადი ჯანდაცვის მიმართ როგორც ჩანს უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე ჯანდაცვის სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. აქ ჩვენ საქმე გვაქვს არამხოლოდ ინფრასტრუქტურასთან, არამედ ადამიანური რესურსის მოზიდვასთან პირველად ჯანდაცვაში, ახალგაზრდა ადამიანური რესურსი ნაკლებად მოედინება. ისინი ამჯობინებენ უფრო ახალ დარგებს, უფრო ექსპანსიურს, საინტერესოს“,- აცხადებს „საქმის კურსთან“ ინტერვიუში მარინა დარახველიძე.
მისი შეფასებით, პირველადი ჯანდაცვა საკმაოდ შრომატევადია, დიდ ენერგიას მოითხოვს, შედეგები ცოტა გვიან მოდის, რაც ახალგაზრდებს არ მოსწონთ და ნაკლებად ეტანებიან პირველადი ჯანდაცვის სერვისებს.
„ასევე განვიცდით დაბერებას პირველადი ჯანდაცვის რესურსებში. მნიშვნელოვანია მოსახლეობამაც ირწმუნოს, რომ სწორედ აქ უნდა მივიდეს და პირველადი მიმართვის სფერო ეს უნდა იყოს და არა პირდაპირ სტაციონალური სერვისები“,-აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დეკანი.
მარინა დარახველიძე თვლის, რომ სახელმწიფოს რამდენიმე მიმართულებით აქვს სამუშაო, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდის კუთხით.
„სტრატეგიულ დოკუმენტებში ცალსახად არის მინიშნებული სუსტი წერტილები, რომ დაფინანსება საკმაოდ მწირია პირველად ჯანდაცვაში, თუმცა რომელია ქათამი და რომელი კვერცხი, დაფინანსება გაზრდის ინტერესს და შემდეგ მოიზიდავს პაციენტებს პირველად ჯანდაცვაში თუ პირიქით, სადისკუსიო საკითხია, თუმცა პოლიტიკის დოკუმენტი ამბობს, რომ 2030 წლისთვის 2020 წელთან შედარებით 13%-იდან 35%-მდე უნდა გაიზარდოს პირველადი ჯანდაცვის დაფინანსება, რომელიც დღეს უპირატესად მიმართულია ჰოსპიტალი სექტორისკენ. იქნებ ამან გამოიწვიოს პაციენტების გადამისამართება პირველად ჯანდაცვაში.
ინსენტივი ზრდის ინტერესს ექიმის, ექთნის, საშუალო მედპერსონალის. ეს ზრდის ხარისხს, შესაბამისად ისინი მეტად იზიდავენ პაციენტებს, რაც თანდათანობით ამცირებს ნაკადს ჰოსპიტალური სექტორისკენ.
პირველადი ჯანდაცვა უფრო პრევენციული, პროფილაქტიკური, პირველადი და მეორადი სერვისებისკენ არის მიმართული, რაც თავის დროზე ან აგვაცილებს დაავადებას ან კიდევ დროულად გამოავლენს და აღარ ვიქნებით ასე დამოკიდებული ჰოსპიტალურ სექტორზე. სხვა გამოსავალი არ არის. თუ ციფრებს დავუჯერებთ, სტატისტიკას, რომელიც არასდროს ტყუის, წინა ათწლეულებში მიმართვიანობა სადღაც 1, 8-1,6 იყო ერთ ექიმზე, დღეს 3,6-მდეა გაზრდილი, თუმცა ჩამორჩება საშუალო ევროპულს, რომელიც არის 7. ვფიქრობ, ეს ასევე არის კულტურალური მოვლენა, რომელიც ნდობაზეა დამოკიდებული. საკმაოდ მტკივნეული და ექსპანსიური მუშაობა მოგვიწევს, რომ გავარღვიოთ ეს მანკიერი წრე, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბდა“,-აცხადებს დარახველიძე.
ოჯახის ექიმი, როგორც მაკოორდინირებელი - მისი თქმით, აქედან დაწყებაც არ არის ცუდი, თუმცა აღარ შეიძლება ამ საფეხურზე გაჩერება.
„უფრო მაღალ საფეხურზე უნდა ავიდეთ და მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე, მეტჯერ გავამართლოთ მოსახლეობის მოლოდინები, რომ ისევ მოვიდეს და ისევ გვენდოს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რაკი ჩვენ ავირჩიეთ ასეთი მოდელი, ევროპული მოდელი პირველადი ჯანდაცვის სისტემის. ეს გზა ბოლომდე უნდა გავიაროთ, ჩვენი დაჟინებულობა და განუხრელი სწრაფვა არის ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობის ქცევა შევცვალოთ“.
მისი თქმით, რეფორმის ეფექტიან მიმდინარეობაზე მოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული ხედვის ცვლილებაც.
„რამდენჯერმე შეიცვალა მიმართულება... ესეც პრობლემაა. ამან პირველად ჯანდაცვაზეც იქონია გავლენა, რადგან ის ჯანდაცვის სისტემის განუყრელი ნაწილია. ალბათ, აჯობებდა ბოლომდე ერთი მიმართულების ერთგული დავრჩენილიყავით, და რაც არ უნდა შედარებით ხარვეზიანი ყოფილიყო, ჯობდა სულ ერთი მიმართულებით გვევლო. ალბათ უფრო მეტად მივაღწევდით დასახულ მიზანს. რაც არის არის, ამას ვერ შევცვლით, მთავარია არჩეული კურსი გავაგრძელოთ“,-განაცხადა მარინა დარახველიძემ „საქმის კურსთან“ ინტერვიუში.