მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკები 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების ინდექსაციას ითხოვენ

6273efb796172
ელენე გოგბერაშვილი
06.05.22 10:15
1297
სიახლე არაა, რომ კლინიკები წლებია, ჯანდაცვის სამინისტროსგან ჯერ კიდევ 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დადგენილი ტარიფების გადახედვას ითხოვენ. როგორც კერძო სექტორი ამბობს, რომ 2013 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, როგორც ინფლაციის, ისე სახარჯი და კომუნალური ტარიფების ცვლილების თვალსაზრისით და წლების წინ დადგენილი ტარიფებით მუშაობა კლინიკებს ფინანსურად აზარალებს.

სამედიცინო დაწესებულებების უკმაყოფილება განსაკუთრებით გახშირდა მას შემდეგ, რაც 2019 წლის ნოემბრიდან ჯანდაცვის სამინისტრომ 520-ე დადგენილება გამოსცა და კლინიკებს კარდიოქირურგიულ და რეანიმაციულ მომსახურებაზე თანაბარი ტარიფები დაუწესა.

სექტორს მაშინაც მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ არსებული ტარიფების მეთოდოლოგია რეალობას არ შეესაბამებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკებს სამინისტრო ზოგადად ტარიფების გადახედვას დაჰპირდა, ახლა სამინისტროს ახალი გაცხადებული მიზანი აქვს, რამაც ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა. წლის ბოლოდან სამინისტრო DRG-ის სისტემის დანერგვას და კლინიკების დაფინანსების მოდელის შეცვლას გეგმავს.

სანამ ჯანდაცვა ახალ სისტემაზე გადაეწყობა, კლინიკები 520-ე დადგენილების ფარგლებში არსებული ტარიფების ინდექსაციას ითხოვენ, რაზეც ჯანდაცვის ასოციაციას სამინისტროსთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს.

„520-ის ტარიფებში რეანიმაციული და ინტენსიური საწოლების მოქცევა ფინანსურად დამანგრეველია კლინიკებისთვის. გვინდა, ამ კონკრეტულ 520-ე დადგენილებაზე მოხდეს ინდექსაცია რაღაც პროცენტით, ინფლაციიდან გამომდინარე.

პირობითად რეანიმაციის ტარიფი, რომელიც ადრე იყო 750 ლარი, შემდეგ - 600 და შემდეგ კიდევ 460 ლარზე ჩამოვიდა, არის წარმოუდგენლად დაბალი იმ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სახარჯი მასალა გაძვირდა, მედიკამენტი გაძვირდა, კომუნალურები გაძვირდა. ვიცით, რომ სრულად ტარიფები ვერ გადაიხედება, რადგან DRG-ზე გადავდივართ და აღარც არის ლოგიკა გადაიხედოს. იმისთვის, რომ ის 5-6 თვე კიდევ დიდი წნეხის ქვეშ არ მოხვდნენ კლინიკები, კარგი იქნება მხოლოდ ამ 520-ე დადგენილებით დარეგულირებული ტარიფის ინდექსაცია მოხდეს ინფლაციის პროცენტით. ესეც ამ შუალედურ პერიოდში შეღავათს მისცემს კლინიკებს“, - აცხადებს ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხეჩინაშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი მაია მახარაშვილი.

"ავერსის" კლინიკის გენერალური დირექტორი კი ამბობს, რომ "პაციენტის მკურნალობა დღეს არსებულ ტარიფთან შედარებით 80-100%-ით ძვირი ჯდება", ამიტომ დიმიტრი ჯორბენაძის შეფასებით, ინდექსაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში კლინიკებისთვის ერთგვარი შეღავათი იქნება. 

„ანაზღაურების მეთოდოლოგია 520-ე დადგენილებაში თავად ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა. თავად თქვეს, რომ აი, ეს არის ჩვენი მეთოდოლოგია და ამით განვსაზღვრეთ ეს ტარიფი. არ ვდაობთ და არ ვკამათობთ იმ მეთოდოლოგიის სისწორეზე, ვამბობთ მხოლოდ იმას, რომ თუ ის მეთოდოლოგია სწორი იყო და იმ მეთოდოლოგიით 2019 წელს დადგინდა ტარიფი, 2019 წლიდან 2022 წლამდე რა ცვლილებაც მოხდა, ეს იქნება ლარის კურსი, თუ ეს იქნება დაკავშირებული კომუნალურ და ინფლაციასთან, აი, ამის გათვალისწინებით მოხდეს ინდექსაცია და ფასი გაიზარდოს ამ ინდექსაციის დადგენილი პროცენტის შესაბამისად. ეს გარკვეულწილად შვებას მისცემს იმ კლინიკებს, ვინც დიდი დოზით არის დამოკიდებული რეანიმაციაზე და იმ კლინიკებს, სადაც კარდიოქირურგიაა წამყვანი“, - აცხადებს დიმიტრი ჯორბენაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები