მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომისიამ ყაზახ ბიზნესმენს ერკინ ტატიშევს სილქნეტის 36.2%-იანი წილის შეძენის უფლება მისცა

5f22c01f305f9
შოთა ტყეშელაშვილი
30.07.20 16:39
3035
საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ დღეს "სილქნეტის" მესაკუთრეთა რიგებში ცვლილების განხორციელებაზე თანხმობა გასცა. შედეგად, ყაზახი ბიზნესმენი ერკინ ტატიშევი სს "სილქნეტის" 36.2%-იანი წილის მფლობელი გახდება.

ტრანზაქცია "სილქნეტის" მაჟორიტარული წილის(95%) მფლობელი კომპანიის - “Prometheus Holdings (malta) Limited“-ის მიერ ერკინ ტატიშევის კუთვნილი კომპანიისთვის - Topaz Investments (Malta) Limited“-სთვის 38.2353%-იანი წილის მიყიდვის შედეგად შედგება. სწორედ ამ ტრანზაქციაზე გასცა დღეს კომუნიკაციების კომისიამ ნებართვა.

ახლად მიღებული კანონმდებლობის პირობებში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც უმსხვილესი მობილური ოპერატორი მის მესაკუთრეთა რიგებში არსებულ ცვლილებებს კომისიას უთანხმებს. 

სილქნეტის განაცხადიდან ირკვევა, რომ კომპანიამ ამ ტრანზაქციაზე თანხმობის მოპოვებისთვის კომუნიკაციების კომისიას განაცხადით 21 ივლისს მიმართა.

"21 ივლისს მიმართა სააქციო საზოგადოება სილქნეტმა, სადაც ითხოვდა სილქნეტის მესაკუთრე კომპანია პრომეთეუს ჰოლდინგ მალტა ლიმიტედის წილის 38.2353%-ის შეძენის თანხმობაზე კომპანია Topaz Investment Malta Limited-ის მიერ, რაზეც თანხმობას ითხოვს კომისიის მხრიდან. სილქნეტს ამ განაცხადში მითითებული აქვს, რომ Topaz Investment Malta Limited-ის 100%-იანი ბენეფიციარი მესაკუთრე არის ყაზახეთის მოქალაქე ერკინ ტატიშევი და რომ ეს კომპანია გეგმავს პრომეთეუს ჰოლდინგის 38.2353%-ის შეძენას. ამასთანავე, სტრუქტურას გეტყვით - Topaz Investment Malta Limited-ის 100%-ის მფლობელია ჯერ შპს “პატრომატა”, რომელიც საქართველოში არის რეგისტრირებული, ხოლო თავად “პატრომატას” 100%-ის წილის მფლობელია “რაიტენბერგ ბი თი ი”, რომელიც სინგაპურში რეგისტრირებული კომპანიაა, ხოლო ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ყაზახეთის მოქალაქე ერკინ ტატიშევი და იგი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან (ოპერატორებთან) აფილირებული არ არის,"- განაცხადა სატელეკომუნიკაციო სექტორის რეგულირების აპარატის ხელმძღვანელმა ეკა იმედაძემ.

ტრანზაცია შედგა "სიქლნეტის" 95%-იანი წილის მფლობელ კომპანია Prometheus Holdings (malta) Limited“-ში და გასხვისდა 38,2353%-იანი წილი, ეს კი უშუალოდ "სილქნეტში" 36.3235%-ის წილის შეძენას ნიშნავს. კახა ბექაურის მიერ გაცემული ნებართვით, სს "სილქნეტის" საბოლოო მესაკუთრეთა სია ასეთი იქნება:

გიორგი რამიშვილი - 36.3235%

ერკინ ტატიშევი - 36.3235%

ალექსი თოფურია - 16.7647%

დევიდ ბორგერი - 5.5883%

დავით მამულაიშვილი - 5%

2019 წელს "სილქნეტის" ჯამური შემოსავალი 12.4%-ით გაიზარდა და მან 387.2 მილიონ ლარს მიაღწია.

სს “სილქნეტის” მობილურ ქსელს 2020 წლის მაისის მდგომარეობით, 1.64 მილიონი აბონენტი ჰყავს, ხოლო მის ინტერნეტ ქსელს კი 290 ათასი აბონენტი ჰყავს.