კორონავირუსით გარდაცვლილი მესამე პაციენტი 86 წლის ქალი იყო, მძიმე თანმდევი დაავადებებით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„მესამე გარდაცვლილი იყო 86 წლის ქალბატონი, რომელიც შემოყვანის დღიდან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას ჰქონდა მძიმე ნევროლოგიური დაავადება, ასევე მძიმე პნევმონია, რაც შეფასებული იყო 24 ქულით, ეს კი ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, არც ერთი ჯანმრთელი ქსოვილი არ იყო დარჩენილი ფილტვში. ორი კვირა პაციენტი იყო რეანიმაციაში და ექიმებმა გააკეთეს იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანს შეუძლია გააკეთოს, თუმცა ყველაფრის მიუხედავად სიტუაცია იყო ძალიან მძიმე“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის: კორონავირუსმა საქართველოში დღეს მესამე პაციენტი იმსხვერპლა. ვირუსი უკვე დაამარცხა 45 მოქალაქემ.