მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაცია 10-წლიან მაქსიმუმზეა და 12.8%-ს შეადგენს

6131c915650d0
შოთა ტყეშელაშვილი
03.09.21 11:00
1437
საქართველოში ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა და 12.8%-ს შეადგენს. ასეთი მაღალი ინფლაცია ქვეყანაში ბოლოს 2011 წლის მაისში იყო.

აგვისტოს მდგომარეობით, წლიურ ჭრილში ფასები მკვეთრად არის გაზრდილი ყველა ძირითად სამომხმარებლო ჯგუფზე, მათ შორის სურსათზე 16.2%-ით; ტრანსპორტზე 22.5%-ით; ჯანდაცვაზე კი 10.9%-ით.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (43.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (42.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (13.0 პროცენტი), თევზეული (11.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (11.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5.4 პროცენტი).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.5 პროცენტით, რაც 2.69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (32.5 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.9 პროცენტი).

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.6 პროცენტიანი მატება, რაც 1.75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.5 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.1 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი).

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 10.9 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.85 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (17.9 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (5.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოში მომატებული ინფლაცია 2021 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. კერძოდ, ორგანიზაცია დეკემბრისთვის 9.4%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. ამასთან, IMF-ის შეფასებით, 2022 წელს საქართველოში ინფლაცია 2.8%-მდე უნდა შემცირდეს.

გაზრდილი ინფლაციის ფონზე, სავალუტო ფონდი არ გამორიცხავს, რომ სებს-ს რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო მეტად გაზრდაც მოუწიოს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა და 10%-ს შეადგენს.