მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მსხვილ კომპანიებს მობილურ ვირტუალურ ოპერატორებთან კონკურენციის ეშინიათ”

60bca6b68fb99
სალომე მეცხვარიშვილი
06.06.21 14:37
923
“მსხვილ კომპანიებს მობილურ ვირტუალურ ოპერატორებთან(MVNO) კონკურენციის ეშინიათ”,– ამის შესახებ “საქმის კურსს” მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა განუცხადა.

მისი თქმით, ის სხვაგვარად ვერ ხსნის მსხვილი მობილური ოპერატორების დამოკიდებულებას MVNO–თან მიმართებით, რომლებიც შესაძლოა ქართულ ბაზარზე გაჩდნენ. MVNO - ესენი არიან კომპანიები, რომლებიც მობილური ოპერატორების მსგავს სერვისს აწვდიან მოხმარებელს, თუმცა, ამისთვის საკუთარი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ. ვირტუალურმა ოპერატორებმა ასე ვთქვათ უნდა “იქირაონ” “მაგთიკომის”, “სილქნეტისა” და “ბილაინის” ქსელი და მათი მეშვეობით მიაწოდონ მომსახურება მოქალაქეებს. ვირტუალური მობილური ოპერატორების განვითარება ნიშნავს, რომ ბაზარზე სრულიად ახალი კომპანიები შემოდიან. საკუთარ ქსელზე MVNO–ების დაშვების ვალდებულება კი მობილურ ოპერატორებს კომუნიკაციების კომისიამ დაუწესა.

“მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი მობილური ოპერატორების მხრიდან MVNO–ების დაშვების შემთხვევაში საუბარია ისეთ რისკებზე, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, ქსელის დაცულობა და ა.შ. ჩემი აზრით, ეს არის მხოლოდ საბაბი. რეალური მიზეზი, ჩვენი აზრით, არის მათი შიში კონკურენციის მიმართ. მათ საცალო ბაზარზე უჩნდებათ კონკურენტი”,– აცხადებს უჩა სეთური.

ის იხსენებს წლების წინ საქართველოში “ბილაინის” შემოსვლის პერიოდს და ამბობს, რომ მაშინაც მესამე ოპერატორს საკმაოდ დიდი დაბრკოლებები ხვდებოდა ორი უმსხვილესი ოპერატორის მხრიდან.

“დიახ, რისკები, რომლებზეც მსხვილი ოპერატორები საუბრობენ, უნდა გადავაზღვიოთ. თუმცა, იმის თქმა, რომ ვირტუალური მობილური ოპერატორები არ გვჭირდება, აბსოლუტურად მიუღებელია. ეს სჭირდება ქართველ მოხმარებელს და მობილურ ბაზარს”,– აცხადებს უჩა სეთური.

მსხვილი მობილური ოპერატორები “საქმის კურსთან” საუბრისას ამბობენ, რომ ისინი ბაზარზე კონკურენციის გაზრდის და ვირტუალური მობილური ოპერატორების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა, არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას მათ კომუნიკაციების კომისია სთავაზობს. კომპანია “სილქნეტში” ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად კომუნიკაციების კომისიის მტკიცებისა, არცერთ ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ფორმით რეგულაცია არ არსებობს. “სილქნეტის” სტრატეგიული განვითარების დირექტორი ლევან ბუჩუკური “საქმის კურსთან” ამბობს, რომ ბოლო 15 წელია არცერთ ევროპულ ქვეყანაში აღარ არსებობს ვირტუალური მობილური ოპერატორების ქსელზე დაშვების ვალდებულება და ეს მხოლოდ ორ ბიზნესსუბიექტს შორის შეთანხმების საგანია.

ამასთან, კომპანიებს არ მოსწონთ რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც გულისხმობს, რომ თუ ბიზნესკომპანიები(ვირტუალური ოპერატორი და მობილური ოპერატორი) ვერ შეთანხმდებიან ტარიფებზე თუ სხვა საკითხებზე, მათ მოუწევთ კომუნიკაციების კომისიის დაწესებულ წესებს და სატარიფო მეთოდოლოგიას დაეყრდნონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები