მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ღორების დაცვის მოთხოვნებიც დაამტკიცა - დადგენილება 2028 წლიდან ამოქმედდება

6310a48bbf292
ვიქტორია მღებრიშვილი
01.09.22 18:00
496
საქართველოს მთავრობამ ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ დადგენილება დაამტკიცა.

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე 31 აგვისტოს გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილების მიხედვით, „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 2028 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

დადგენილებაში ღორების სადგომში დასაკმაყოფილებელი მოთხოვნები მათი კატეგორიების მიხედვით არის გაწერილი. ზოგადი მოთხოვნების მიხედვით, შენობის იმ ნაწილში, სადაც ღორები ინახებიან, თავიდან უნდა იქნეს აცილებული უწყვეტი ხმაურის დონე 86 დბ-მდე, ასევე მუდმივი ან მოულოდნელი ხმაური;

ამასთან, ღორები უნდა განთავსდნენ შუქზე არანაკლებ 40 ლუქსის ინტენსივობით, დღეში, სულ მცირე, რვა საათი. აღსანიშნია ისიც, რომ ღორებს უნდა ჰქონდეთ ფიზიკური წვდომა დასაწოლზე და თერმულად კომფორტულად უნდა იყვნენ. მათ დასვენების და ნორმალურად ადგომის საშუალება უნდა ჰქონდეთ.

დადგენილებაში გაწერილია ასევე ღორების სასმელით და საჭმლით უზრუნველყოფის საკითხები, სახეობების მიხედვით ღორების მოვლისა და გამოზრდის წესები და სხვა მოთხოვნები.

სამთავრობო დადგენილების მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველი წლის 31 აგვისტომდე წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინა წლის წლიურ ანგარიშს მის მიერ განხორციელებული ინსპექტირების შესახებ, ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთვის. ანგარიშს თან უნდა ახლდეს შეუსაბამობის ყველაზე სერიოზული დარღვევების ანალიზი და ეროვნული სამოქმედო გეგმა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან შემცირდეს მათი წარმოშობა მომდევნო წლებისთვის.

ცნობისთვის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, საქართველოს მხარეს აღებული აქვს ვალდებულება, ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოოს. სწორედ აღნიშნულის ფარგლებში მიიღო მთავრობამ ჯერ ხბოების, შემდეგ კი ღორების დაცვის მოთხოვნების დადგენილებაც.