მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ხორბლის ფქვილის იმპორტზე გადასახადი დაადგინა - დადგენილება ძალაში 12 ივნისიდან შევა

6482e128acbac
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.23 12:37
1688
ფქვილის იმპორტის გაფორმებისთვის მომსახურების საფასური 12 ივნისიდან ამოქმედდება. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი დადგენილება მიმდინარე წლის 7 ივნისს გამოაქვეყნა, რომლითაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შევიდა.

იმპორტიორს 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისთვის ყოველ კილოგრამზე 20 თეთრის გადახდა მოუწევს, რაც ყოველ 1 ტონაზე 200 ლარს უტოლდება. გაფორმების გადასახადი ძალაში 1 ნოემბრამდე იქნება.

საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი გადასახადის შემოღების გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ და მხარდაჭერის მიღების მიზნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

უნდა აღინიშნოს საქართველოსთვის როგორც ხორბლის, ისე ფქვილის მთავარი მომწოდებელი რუსეთია. მთავარ საიმპორტო ბაზარზე ხორბლის ექსპორტისას დაწესებული ბაჟის გამო ქართველი იმპორტიორებისთვის რუსული ხორბლის იმპორტი და გადამუშავება არარენტაბელური გახდა. შედეგად წისქვილკომბინატების დიდი ნაწილი გაჩერდა, ხორბლის იმპორტიორები კი ფქვილის იმპორტზე გადაეწყვნენ. გაჩერებული წისქვილების პირობებში ადგილობრივი ხორბლის მწარმოებლებს გასული წლის მოსავლის ჩაბარება გაუჭირდათ და რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს.

საიმპორტო გადასახადის ამოქმედების პარალელურად წისქვილები ვალდებულნი იქნებიან კონკრეტულ ფასად შეისყიდონ ადგილობრივი ფერმერებისგან ხორბალი და პურის მწარმოებლებს პირველი ხარისხის ფქვილი ისეთი პირობებით მიაწოდონ, რომ ამან პურის გაძვირება არ გამოიწვიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები